საერთაშორისო საკრედიტო სააგენტომ Fitch Ratings-მა, დაადასტურა საქართველოს გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი უცხოურ და ეროვნულ ვალუტებში"BB-"-ის დონეზე, თუმცა პროგნოზი ”პოზიტიური”, ”სტაბილურამდე” შეამცირა.
იმავდროულად, Fitch-მა დაადასტურა ქვეყნის „ჭერი“ - "BB"-ის დონეზე, ხოლო მოკლევადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში - "B"-ის დონეზე.
სააგენტომ განაცხადა, რომ საქართველოს სუვერენული რეიტინგის პროგნოზის შემცირებას უკავშირებს იმას, რომ ქვეყანამ გადაიტანა რამდენიმე გარე შოკი. სააგენტოს ინფორმაცით, რუსეთში შექმნილმა რთულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ, გამოწვეულმა მსოფლიოში ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნით და სანქციებით, გავლენა იქონოა მისი სავაჭრო პარტნიორების ვალუტებზე და მათი დევალვაცია გამოიწვია.
Fitch -ის შეფასებით, ეს მოვლენები უარყოფითად აისახა საქართველოს საგარეო ვაჭრობის და საერთაშორისო ფულადი გადარიცხვების მაჩვენებლებზე: მკვეთრად შემცირდა ექსპორტი, ფულადი გზავნილების მოცულობამ კი 25%-ით იკლო.
პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ 2014 წლის ნოემბრიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 30%-ით გაუფასურდა, თუმცა ეროვნული ვალუტის ეფექტური გაცვლითი კურსი კვლავ სტაბილური რჩება, რასაც ხელს უწყობს ლარის მცურავი გაცვლითი კურსი.
სააგენტოს ანალიტიკოსების აზრით, საქართველოსთვის მთავარ სისუსტედ ისევ საგარეო სექტორი რჩება. Fitch-ი პროგნოზირებს, რომ 2015 წელს საქართველოს ექსპორტი 20 %-ით შემცირდება. მიუხედავად იმპორტის შემცირებისა, სააგენტო მიმდინარე ანგარიშების დეფიციტის მშპ-თან მიმართებაში 14 პროცენტამდე გაზრდას ვარაუდობს, 2014 წლის 9 პროცენტის ნაცვლად. Fitch-ი საგარეო ვალის მშპ-ს 80 %-მდე გაზრდასაც პროგნოზირებს, 2014 წლის 58 %-ის ნაცვლად.
„საქართველოს ეკონომიკური ზრდა წელს შარშანდელი 4.8-დან 2%-მდე შემცირდება, ძირითადად რეგიონალური ეკონომიკური ვარდნის მეორადი ეფექტის წყალობით“, - მიაჩნია სარეიტინგო სააგენტოს.
Fitch-ი თვლის, რომ საქართველოს სუვერენული რეიტინგის შემცირების ძირითადი ფაქტორი შესაძლოა გახდეს სავალუტო რეზერვებზე და გაცვლით კურსზე ზეწოლის განახლება, სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში. ასევე კონსერვატიულ საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე უარის თქმა; შიდა და საგარეო პოლიტიკური კლიმატის გაუარესება.
რეიტინგის გაუმჯობესების ფაქტორებად კი დასახელებულია: საგარეო ვალის სტაბილიზაცია, ექსპორტის და პირადპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა, დოლარიზაციის კოეფიციენტის შემცირება.