მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ეს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ. დეზინფორმაციაა, რომ ჩვენ ანტიამერიკულ ან ანტიდასავლურ ქმედებებს ვახორციელებდით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიულ გამოცემა Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველოში დღეს არსებული კრიზისი ხელოვნურად არის გამოწვეული.
„ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის როლი არის ზეპარტიული. ჩემმა წინამორბედმა ამ როლის მიღმა დააყენა თავი, რითიც საზოგადოებაში მოლოდინი გააჩინა. ეს არ იყო სწორი. მინდა, ყველა მოქალაქის პრეზიდენტი ვიყო. ჩემი მთავარი მოტივაციაა, საპრეზიდენტო ინსტიტუტი კონსტიტუციის ფარგლებში დავაბრუნო. რაც შეეხება კრიზისს, პოლიტიკური სიტუაცია ახალი არ არის, რაც მე პოლიტიკაში ვარ, მას შემდეგ ასეა. 90-იანი წლების დასაწყისში ჩვენ გვაქვს სამოქალაქო ომის გამოცდილება, ჩემს და უფროსს თაობას ეს კარგად ახსოვს. მაშინაც იყვნენ გარე ძალები, რომლებიც ჩვენ მიმართ არ იყვნენ კეთილგანწყობილი და ჩვენ ვერ შევძელით სამოქალაქო ომის თავიდან აცილება. მთავრობა ითვალისწინებს ამას, ის იქცევა საკმაოდ ჭკვიანურად. კრიზისი ხელოვნურად არის გამოწვეული“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.