„სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ვიღაც, როგორც მონა, ისე აძლევს ხმას „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გამოცემა Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, პროკურატურას არჩევნების გაყალბების არცერთი მტკიცებულება არ წარედგინა.
„პროკურატურას არჩევნების გაყალბების არცერთი მტკიცებულება არ წარედგინა. ეუთო-ს საბოლოო დასკვნაც ამბობს, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა. მოქალაქეებს ჰქონდათ თავისუფალი არჩევანის უფლება. ეს არის რეალობა. ვერავინ იტყვის, რომ მიხეილ ყაველაშვილი არაკანონიერად იქნა არჩეული.
სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ვიღაც, როგორც მონა, ისე აძლევს ხმას „ქართულ ოცნებას“. მოქალაქეები კრიტიკული არიან, თუმცა მათთვისაც მშვიდობა, სტაბილურობა და მიზანმიმართული სვლა ევროპისკენ მნიშვნელოვანია. ამას ალტერნატივა არ აქვს. რომ არსებულიყო ნორმალური ოპოზიცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ქართველი ხალხის მოთხოვნებს, მაშინ იქნებოდა ის კონკურენტუნარიანი და შეძლებდნენ „ქართული ოცნების“ შეცვლას. ძალები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ უნდათ ჩვენი ევროკავშირში შეყვანა, პირიქით, აზიანებენ მიზანს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.