Gift Card-ზე მზარდი მოთხოვნის ფონზე "ლიბერთი ბანკი" სასაჩუქრე ბარათის პარტნიორი კომპანიების ნუსხას აფართოებს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" "ლიბერთი ბანკში" განუცხადეს, აქციაში ამ დროისათვის უკვე 100-მდე სავაჭრო და მომსახურების ობიექტია ჩართული.
სასაჩუქრე ბარათის, Gift Card-ის შეძენა შესაძლებელია "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ სერვის ცენტრში თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ Gift Card-ის შეძენა ასევე შესაძლებელია "ლიბერთი ბანკის" 24 საათიან სერვის ცენტრში მისამართზე ჭავჭავაძის 74, რაც მომხმარებლისთვის დამატებით კომფორტს წარმოადგენს.
"ლიბერთი ბანკის" ინფორმაციით, Gift Card არის დაბადების დღეების, ქორწილების, სწავლის დამთავრების და ნებისმიერი სხვა ღირსშესანიშნავი დღისთვის საუკეთესო და მოქნილი საჩუქარი.
Gift Card მყიდველის მიერ გადახდილი თანხის ოდენობის მიხედვით ივსება. ბარათის გამოყენება პროექტში ჩართულ ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში "ლიბერთი ბანკის" POS-ტერმინალების მეშვეობითაა შესაძებელი. ბარათის მოქმედების ვადა ერთი წელია.
ბარათზე არსებული თანხის გამოყენება დასაჩუქრებულ პირს ერთიანად ან ნაწილ-ნაწილ ბარათზე არსებული თანხის ამოწურვამდე შეუძლია. ბარათზე თანხის დამატება ან ბანკომატიდან განაღდება შეუძლებელია.
"ლიბერთი ბანკი" 2002 წელს დაარსდა და სიდიდით მეექვსე ქართული ბანკია. ბანკის საბაზრო წილმა მთლიანი აქტივების მიხედვით 2010 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 4.8% შეადგინა (2009 წლის სექტემბერში ბანკის საბაზრო წილი მთლიანი აქტივების მიხედვით 3.5% იყო).
"ლიბერთი ბანკს" 182 ფილიალისგან შემდგარი ყველაზე დიდი ქსელი აქვს და იგი დაახლოებით 1.2 მილიონ ფიზიკურ პირს და 20 000-ზე მეტ იურიდიულ პირს უწევს მომსახურებას.
2009 წლის სექტემბერში "ლიბერთი კაპიტალმა" ბანკის აქციათა საკონტროლო პაკეტი შეიძინა და მისი რესტრუქტურიზაცია დაიწყო.