გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი რუსეთის პრეზიდენტს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამართლების მცდელობაში ადანაშაულებს. იუწყება Deutsche Welle.
ჰაიკო მაასმა უარყო პუტინის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსკოვი ბერლინისგან ხანგოშვილის ექსტრადირებას ითხოვდა.
"რუსეთის პრეზიდენტის განცხადება, რომ მოსკოვი დაჟინებით მოითხოვდა ბერლინისგან ხანგოშვილის ექსტრადირებას, უაზროა და დანაშაულის გამართლების მცდელობას ჰგავს", - თქვა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ტელეკომპანია ZDF-თან ინტერვიუში.
ცნობისთვის, პარიზში, "ნორმანდიული ოთხეულის" სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა ხანგოშვილს "სისხლიანი მკვლელი" უწოდა და თქვა, რომ ის რუსეთში ჩადენილი დანაშაულების გამო იძებნებოდა.
პუტინის თქმით, ხანგოშვილი მოსკოვის მეტროში მომხდარ აფეთქებაში მონაწილეობდა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია რა მოხდა ბერლინში. "ეს განგსტერული სფეროა და აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს".
აგვისტოში, ბერლინში მოკლეს ზელიმხან ხანგოშვილი, რომელსაც ველოსიპედით მიმავალმა ქილერმა ქუჩაში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
ბერლინის პროკურატურამ დააკავა დანაშაულში ეჭვმიტანილი 49 წლის რუსეთის მოქალაქე.
ეს ხანგოშვილზე მეორე თავდასხმა იყო. 2015 წლის 28 მაისს თბილისში ჩაცხრილეს ავტომობილი, რომელშიც ის იმყოფებოდა. ხანგოშვილი სერიოზულად დაიჭრა. მკურნალობის დასრულებისთანავე მან საქართველო დატოვა.
ზელიმხან ხანგოშვილი 2012 წელს საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე სოფელ ლაფანყურის სპეცოპერაციაში შუამავალი იყო. სწორედ ამ სპეცოპერაციას დაუკავშირეს ხანგოშვილის ახლობლებმა 2015 წელს მომხდარი თავდასხმა.
ხანგოშვილის მკვლელობამ ბერლინსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური დაძაბულობა წარმოშვა. იმის გამო, რომ მოსკოვი უარს აცხადებს ბერლინის დახმარებაზე მკვლელობის გამოძების საქმეში, გერმანიის საგარეო უწყებამ ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა.
ბერლინის საპასუხოდ, რუსეთის საგარეო უწყებამ ორი გერმანელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.