"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი საკუთარი პარტიისა და სხვა პოლიტიკურ პარტიების მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს. პარლამენტის ვიცე-სპიკერი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნას აპროტესტებს.
"დღეს ისეთი სამარცხვინო რამ მოხდა საქართველოში პარლამენტში, რომ პარლამენტი აღარ ჰყავს ქვეყანას. მე როგორც ვატყობ, ხელისუფლებაც აღარა ჰყავს ქვეყანას.
პასუხისმგებლობას შექმნილ კრიზისზე ვაკისრებ პირადად ბიძინა ივანიშვილს და ქართული ოცნების პოლიტიკურ ელიტას. ორი დღის განმავლობაში იყო პოლიტიკური მელაკუდობა, სრულიად დაუჯერებელია, რომ მაჟორიტარები აუმხედრდნენ ბიძინა ივანიშვილს, წარმოუდგენელი რამ არის ეს და თუ ეს ასეა, მაშინ ბიძინა ივანიშვილი როგორ მართავს პარტიას?", - თქვა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა.
პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. 101 დეპუტატი მომხრე, 3 წინააღმდეგი იყო. იმისთვის, რომ ცვლილებები დამტკიცებულიყო 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.
დეპუტატებმა სხდომაზე რეგისტრაცია სამჯერ გაიარეს. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა.