რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერთა რიცხვი სულ უფრო და უფრო მცირდება.
"საზოგადოებრივი აზრის ფონდის" მიერ ჩატარებული უახლესი კვლევის შედეგების მიხედვით, ხვალ რომ არჩევნები იყოს, პუტინს ხმას ამომრჩეველთა მხოლოდ 43% მისცემდა.
ფონდის განცხადებით, ეს მაჩვენებელი ბოლო 18 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია. მხოლოდ 2001 წლის აპრილში დაფიქსირდა ამაზე ნაკლები მაჩვენებელი, მაშინ ამომრჩეველთა 42% მისცემდა ხმას პუტინს არჩევნებში.
ექსპერტები პუტინის რეიტინგის მკვეთრ ვარდნას ბოლო დროს მოსკოვში გამართულ საპროტესტო აქციებსა და ხელისუფლების მიერ ამ აქციების დასაშლელად გამოყენებულ გადამეტებულ ძალას უკავშირებენ. მათი ვარაუდით, პუტინის რეიტინგის ვარდნა კვლავაც გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ კვლევის მიხედვით, სხვა პოლიტიკოსების რეიტინგები არ შეცვლილა. კომუნისტური პარტიის კანდიდატს, პაველ გრუდინინს ამომრჩეველთა 10% მისცემდა ხმას, ხოლო ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატს ვლადიმერ ჟირინოვსკის - 11%.
დანარჩენი პოლიტიკოსების რეიტინგები 1%-ს არ აღემატება.
გამოკითხულთა 13% საერთდ არ წავიდოდა არჩევნებზე, 15%-ს კი გაუჭირდა პასუხების გაცემა.
2018 წლის მარტში პუტკინი კიდევ ერთი ვადით, მეოთხედ აირჩიეს რუსეთის პრეზიდენტად. რუსეთის მოქმედი კონსიტუტციის თანახმად, მას აღარ ექნება უფლება მონაწილეობა მიიღოს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.