ამ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია, ვფიქრობთ, რომ ასეთი კანონმდებლობა ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვედანტ პატელს ჰკითხეს იყო თუ არა ამ საკითხზე მსჯელობა კონგრესშიც, რაზეც მან უპასუხა, რომ არ აპირებს კომენტარის გაკეთებას კონგრესში რაიმე კონსულტაციაზე.
„არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას რაიმე კონსულტაციებზე კონგრესში, თუმცა გეტყვით, რომ ამ კანონპროექტზე უკვე რამდენიმე კვირაა, ვსაუბრობთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ამ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია. ჩვენ ვხედავთ მსგავს კანონპროექტს კრემლში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, სადაც ავიწროებენ მედიაორგანიზაციებს, ავიწროებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. ვფიქრობთ, რომ ასეთი კანონმდებლობა ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა, რაც არის ის, რაც საქართველომ თავად განაცხადა, რომ ასეთი მომავლით დაინტერესებულია“,- განაცხადა ვედანტ პატელმა.