ევროპარლამენტის რეზოლუციას არანაირი ძალა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ეს არის ქართველ ხალხზე თავდასხმა და კიდევ ერთხელ აჩვენეს საკუთარი სახე, რა დამოკიდებულება აქვთ ქართველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ეს არის რამდენიმე გაბრაზებული ევროდეპუტატის მიერ ბწკენა ქართველი ხალხის მიმართ.
„ევროპარლამენტარები თავად არიან მმართველ საბჭოში. მაგალითად, „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ ის ფონდია, რომელიც საქართველოში „მოლოტოვის კოქტეილების“ რომანტიზებას ჩუმად აფინანსებს, რომელიც საქართველოში პარტიებს ჩუმად აფინანსებს და ზუსტად მათ ინტერესშია, რომ ეს ხარჯები დარჩეს დაფარული. ცდილობენ, საკუთარი შესაძლებლობა ევროპარლამენტში გამოიყენონ ქართველ ხალხზე თავდასასხმელად. ამიტომ, ეს არის სწორედ იარაღად გამოყენება რეზოლუციების. რა თქმა უნდა, ამ რეზოლუციას არანაირი ძალა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ეს არის ქართველ ხალხზე თავდასხმა და კიდევ ერთხელ აჩვენეს საკუთარი სახე, თუ რა დამოკიდებულება აქვთ მათ ქართველი ხალხის მიმართ.
იქ ისიც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, ბევრი რამ წერია. არაფერი გაუქმდება, საქართველოს მოსახლეობას არაფერი ემუქრება. ეს არის ქართველ ხალხზე გაბრაზებული რამდენიმე დეპუტატი. ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება. რამდენიმე გაბრაზებული ევროდეპუტატის მიერ ბწკენა არის ქართველი ხალხის მიმართ. რამდენიმე კვირაში ეწურებათ მათ მანდატი. ივნისშია არჩევნები, ასე რომ, ეს არის ბოლო გაბრძოლება, რათა ქართველ ხალხს რაღაცნაირად სიტყვიერად თავს დაესხან, აქ მეტი არაფერი არ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.