ჩვენ მხარს ვუჭერთ მთავრობის რეფორმებს, აღნიშნულის შესახებ განცხადება საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა.
კრისტინ ლაგარდის თქმით, მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამა საქართველოს ეკონომიკისა და მოქალაქეების საჭიროებებზეა მორგებული.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ მთავრობის რეფორმებს. საქართველოს მთავარი მიზანია, რომ ეკონომიკის განვითარებით ევროპას დაეწიოს. ამისთვის აუცილებელია მოქალაქეების პოტენციალის გამოყენება. ამ პროცესში უნდა ჩაერთოს ყველა როგორც თბილისში, ისე მთელ ქვეყანაში, მოხუციც და ახალგაზრდაც, მდიდარიც და ღარიბიც.
საქართველო ახლა წერს გარდაქმნის ისტორიას, მაგრამ არა მხოლოდ ეკონომიკაში. აქ მე მახსენდება ქართული ღვინო, ტრადიცია, რომელიც 8 000 წელს ითვლის. როგორ უნდა შეიქმნას უნიკალური გემოს მქონე ღვინო, რომელიც საქართველოს ტრადიციებზეა დაფუძნებული. მსოფლიოში მოსწონთ? რა თქმა უნდა, პასუხია – დაცულობა და შემოქმედებითი უნარი. ეს უნარები აქცევს ყურძენ ღვინოდ“, – განაცხადა კრისტინ ლაგარდმა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველის განცხადებით, მსოფლიო მნიშვნელოვანი საფრთხეების წინაშე დგას, მათ შორის არის სავაჭრო დავები და გეოპოლიტიკური დაძაბულობა.
„ვისაუბროთ დაცულობის გაძლიერებაზე. კარგი ამბავი არის ის, რომ მომდევნო რამდენიმე თვეში გაძლიერდება და ეს 2020 წელსაც ასე იქნება, მაგრამ მსოფლიო მნიშვნელოვანი საფრთხეების წინაშე დგას, მათ შორის არის სავაჭრო დავები და გეოპოლიტიკური დაძაბულობა. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, განსაკუთრებით იმ რეგიონში, სადაც საქართველო მდებარეობს, რადგან საქართველო ღია ეკონომიკაა და დამოკიდებულია საგარეო მოთხოვნაზე. ამიტომ, აუცილებელია შეცდომების თავიდან აცილება და სწორი ნაბიჯების გადადგმა.
რა შეუძლია საქართველოს გააკეთოს ეკონომიკის დასაცავად? ორი ათწლეულის განმავლობაში სიღარიბის დონე შემცირდა სამი მეოთხედით, სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა 6 პროცენტით და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი გასამმაგდა, მაგრამ ეს ყველაფერი არაა. სულ ახლახანს საქართველომ მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელი პოლიტიკა მიიღო ეკონომიკის დასაცავად. ფისკალური დეფიციტი კონტროლირებადია, ინფლაცია შემცირებულია, ბანკები კაპიტალიზებულია, ხოლო უმუშევრობის დონე ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ამიტომ, არავის გვიკვირს, რომ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი გაზრდილია. წელს ეკონომიკის ზრდა 4,6 პროცენტითაა ნავარაუდევი, ხოლო მომავალ წელს, ოდნავ მეტით. ეს საოცარი მიღწევებია. ეკონომიკის ზრდასთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია შემოქმედებითი მიდგომა. საქართველომ მუდამ უნდა იზრუნოს ამ კომპონენტის დამატებაზე, თუ სურს ინკლუზიური ზრდის მიღწევა“, – განაცხადა კრისტინ ლაგარდმა.