29 აპრილს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო, თუ არ გვინდა, რომ „ენჯეოების“ ხელით დონორებმა მართონ ეს ქვეყანა, – ამის შესახებ საქქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„რეალურ კულმინაციამდე მივიდა რადიკალური ოპოზიცია და „ენჯეოების“ რადიკალური ჯგუფი. ფაქტობრივად, მთლიანად გვაჩვენებენ თავიანთ სახეს. გუშინ ვნახეთ რამდენიმე „ენჯეოს“, რადიკალური ენჯეოჯგუფის განცხადება, რომლებიც ქართველ ხალხს ეძახიან რუსებს, შემდეგ კიდევ სწყინთ და ამბობენ, უცხო ძალის ინტერესების გამტარებლები არ ვართო. აბა, ვის ინტერესშია, ქართველ ხალხს რომ რუსებს ეძახიან და იმუქრებიან, 29 აპრილს ვინც მიხვალთ, ყველა რუსები ხართო? ამაზე „ენჯეო“ რომ აკეთებს განცხადებას, მთლიანად აჩვენებს თავის სახეს. სინამდვილეში, ზუსტად ამ „ენჯეოების“ უკან დგანან დონორები, რომლებსაც უნდათ, რომ „ენჯეოების“ ხელით მართონ საქართველო, მათ ალაპარაკებენ ზუსტად ეს დონორები, რომ დააშინონ, ასეთი ეპითეტებით შეამკონ ქართველი ხალხი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ 29 აპრილს ყველა გამოვიდეს, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და დადგეს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო, ვართ ერი, თუ არ გვინდა, დონორებმა მართონ ეს ქვეყანა „ენჯეოების“ ხელით, რომლებიც უკვე რუსებს გვეძახიან. ეს ყველაფერი ჩაივლის და დონორებთან გვექნება სერიოზული საუბარი, როგორ ალაპარაკებდნენ თავიანთ „ენჯეოებს“ და როგორ გვეძახდნენ რუსებს ამ „ენჯეოების“ პირით. ასე რომ, რა თქმა უნდა, ყველა დონორთან გვექნება შესაბამისი საუბარი, იქნება ეს ორგანიზაცია თუ საელჩო, ყველასთან, ვინც აფინანსებს „ენჯეოებს“, რომლებიც ჩვენ, ქართველ ხალხს, გვეძახიან რუსებს. ეს არის ზუსტად პარტნიორი ქვეყნების ინტერესების წინააღმდეგ სვლა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ფულის ხარჯვა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა