სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხელ სარჯველაძე ხელმძღვანელობდა. საბჭოს წევრებმა 2019 წლის სექტორული სტრატეგიები და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმები, აგრეთვე 2018 წლის პროგრესის ანგარიში დაამტკიცეს. ღონისძიებაზე განიხილეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტები.
სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის საკოორდინაციო საბჭომ და მისმა სამდივნომ (იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი) მნიშვნელოვანი სამუშაოები განახორციელა. ევროკავშირის პროექტის „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ექსპერტების მხარდაჭერით, შემუშავდა პროგრესის ანგარიშის შემუშავების ინსტრუქცია, რომელიც სახელმძღვანელო დოკუმენტი გახდა საბჭოში შემავალი უწყებებისთვის.
შეიცვალა სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები, გახდა უფრო მოქნილი, ლაკონური და შედეგზე ორიენტირებული, თითოეული უწყების ხედვა/პოლიტიკა გაცილებით უკეთ არის წარმოდგენილი. დოკუმენტი მაქსიმალურად ლაკონურია, რაც საკითხით დაინტერესებულ ყველა პირს აძლევს საშუალებას მოკლედ, და ამვდროულად, ამომწურავად მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია, გაეცნოს მას სრულად ან ადვილად მოძებნოს ის საკითხები, რაც მათთვის, რეფორმის ფარგლებში, ყველაზე მნიშვნელოვანია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის საკოორდინაციო საბჭოს წევრები, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საერთაშორისო მისიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური წრეები.
სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე განხორციელდა და მუშავდება არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა. მათ შორის:
- შემუშავდა სისხლის კოდექსის მასშტაბური ცვლილებების პროექტი;
- სისხლის სამართალწარმოების გაუმჯობესების მიზნით უზენაესმა სასამართლომ მოამზადა რამდენიმე სახელმძღვანელო და კვლევა პრაქტიკის ანალიზის უზრუნველსაყოფად;
- ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდისათვის გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო ამ კვალიფიკაციით გამოძიებადაწყებული საქმეების მონიტორინგი
- საქართველოს პროკურატურამ შეიმუშავა არასრულწლოვანთა ინტერესებზე ორიენტირებული გარემოს სტანდარტი; რუსთავის რაიონულ პროკურატურაში შეიქმნა ბავშვზე მორგებული გარემო, რომლის დანერგვაც მომდევნო წლებში ეტაპობრივად მოხდება სხვა სტრუქტურულ ერთეულებში;
- პოლიციის რეფორმის ფარგლებში, 2018 წელს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში მოეწყო არასრულწლოვანთა გამოკითხვის ოთახი, ასევე, რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში არასრულწლოვნების უფლებების დაცვის სტანდარტებზე მორგებული საგამოძიებო და განთავსების ოთახები;
- პრევენციული კომპონენტის, როგორც დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მექანიზმის გასაძლიერებლად დაიწყო მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის დანერგვა;
- პატიმრობის კოდექსში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე დაინერგა სრულად ახალი სტანდარტები და კიდევ უფრო გაუმჯობესდა ბრალდებულ/მსჯავრდებულთა სამართლებრივი მდგომარეობა;
- 2018 წლის 1-ლი იანვრიდან გათავისუფლებისთვის მომზადების ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, ასევე არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს უფლება მიეცათ, მიიღონ უმაღლესი განათლება ელექტრონული პროგრამის საშუალებით და ბაკალავრის საფეხური დაწესებულებაში დაასრულონ;
- გაფართოვდა იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატი შემდეგი მიმართულებებით: შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ დავებზე; უძრავ ნივთებთან დაკავშირებულ დავებზე და ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მიმართულებით;
- საქმიანობა გაგრძელდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების გაძლიერების მიმართულებით. გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, 2018 წელს დასრულდა მუშაობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვებთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის სისტემის კონცეფციაზე, შესაბამის ინდიკატორებსა და მეთოდოლოგიაზე. შემუშავდა მონაცემების შეტანის სახელმძღვანელო;
- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების გარდამავალი მენეჯმენტის ეფექტიანობის გასაზრდელად სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის სოციალური მუშაკებისგან შეიქმნა მულტისისტემური სამუშაო ჯგუფი.
- არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიმართულებით ჩატარდა ათობით შეხვედრა და საინფორმაციო კანპანია თბილისსა და რეგიონებში, როგორც პირველი დონის, ასევე მეორე და მესამე დონის პრევენციის უზრუნველსაყოფად.
საერთშორისო დონორების დახმარებით საბჭო აგრძელებს მუშაობას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარების მოსამზადებლად; აგრეთვე მტკიცებულებაზე დაფუძნებული სისხლის სამართლის მართლსაჯულების სტატისტიკის წარმოების ინსტრუმენტების გაძლიერებისათვის.