11 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება საქართველოს სახალხო არტისტს, შოთა რუსთაველის და მემედ აბაშიძის პრემიების ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, ალექსანდრე ხომერიკის 70-წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ალექსანდრე ხომერიკი, თამარ ივერი, ირაკლი კახიძე, ლაშა ნიქაბაძე, ირაკლი მურჯიკნელი, ნათია ბეჟაშვილი, ზურაბ ანჯაფარიძე, ნათია მელქაძე, მარიანა ბერიძე, თამარ ლებანიძე, ჭაბუკა სურმანიძე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და ორკესტრი; დირიჟორები - ზაზა აზმაიფარაშვილი, რევაზ ტაკიძე, დავით მუქერია, კახი სოლომნიშვილი, ლევან ჯაგაევი. კონცერტზე შესრულდება ფრაგმენეტები ფალიაშვილის, ვერდის, პუჩინის, გუნოს, მასნეს, ჩილეას ოპერებიდან. ალექსანდრე ხომერიკის საიუბილეო საღამოს რეჟისორია გოჩა კაპანაძე.
ალექსანდრე ხომერიკი ჯერ კიდევ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტი იყო, როდესაც 1977 წელს თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დასში ჩაირიცხა. მან კონსერვატორია 1980 წელს დაამთავრა, (პროფ. გ. გოგიჩაძის კლასი), ხოლო 1981–82 წლებში სტაჟირებას მილანის „ლა სკალაში” გადიოდა.
სხვადასხვა წლებში, მომღერლის მიერ შესრულებულ მრავალრიცხოვან პარტიას შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია: აბესალომი და მალხაზი (ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ და „დაისი“), ბერდო (რევაზ ლაღიძის „ლელა”), ლენსკი და ვოდემონი (პიოტრ ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“ და „იოლანტა“), ხოზე (ჟორჟ ბიზეს „კარმენი“), კავარადოსი (ჯაკომო პუჩინის „ტოსკა“), მანრიკო, (ჯუზეპე ვერდის „ტრუბადური“), რადამესი (ვერდის „აიდა“), ალფრედი (ვერდის „ტრავიატა“), ჰერცოგი (ვერდის „რიგოლეტო“), ოტელო (ვერდის „ოტელო“) და სხვ.
1993 წლიდან ხომერიკი ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და სოლისტი იყო. 1995 წელს ოტელოს პარტია წარმატებით შეასრულა ანკარას საოპერო თეატრში პრემიერაზე და 1998 წელს ანტალიაში (თურქეთი) ბათუმის თეატრის გასტროლების დროს.
ალექსანდრე ხომერიკის ჩაიკოვსკის სახელობის VII საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (მოსკოვი, 1982) და საქართველოს სახალხო არტისტია (1985).
მის მნიშვნელოვან ჯილდოებს შორისაა, აგრეთვე, რუსთაველისა და მემედ აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიები (1995 წ.), ღირსების ორდენი (1998 წ).