კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" გენერალური დირექტორის, რადოსლავ დუდოლენსკის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით გამრიცხველიანება 2,5-3 წელიწადში დასრულდება. ამის შესახებ რადოსლავ დუდოლენსკის დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"კომპანიამ მთელი საქართველოს მასშტაბით 320 ათასამდე აბონენტი ინდივიდუალურად უკვე გაამრიცხველიანა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში კი დაგეგმილია 400 ათასამდე აბონენტის გამრიცხველიანება, როგორც ქალაქებში, ისე სოფლებში. ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროექტში კომპანია 130-150 მლნ ლარის ინვესტირებას გეგმავს. მიმდინარე წლის 1-ელ ივლისამდე ყველა ქალაქის გამრიცხველიანება დასრულდება. ახლო მომავალში კი, გამრიცხველიანების სამუშაო სოფლებში დაიწყება", - განაცხადა "ენერგო-პრო ჯორჯიას" ხელმძღვანელმა.
მისი განმარტებით, გამომდინარე მთიანი რელიეფიდან, სოფლებში გამრიცხველიანება გაცილებით რთულია, ვიდრე - ქალაქებში. ყველა საჭირო სამუშაოს გათვალისწინებით, კომპანიას ერთი აბონენტის გამრიცხველიანება 250-300 ლარი უჯდება. ასევე, არის ქალაქები, რომლებიც გამრიცხველიანებულია, თუმცა ქსელის გამართულად მუშაობის მიზნით სარებილიტაციო სამუშაო კვლავ საჭიროა. მსგავსი სამუშაო "ენერგო-პრო ჯორჯიამ" უკვე განახორციელა რუსთავსა და ქუთაისში, მალე სამუშაო მცხეთაში დაიწყება.
ამასთან, "ენერგო-პრო ჯორჯია" გეგმები გენერაციის მხრივაც აქვს, კერძოდ კი ბათუმში, ფოთსა და ნატახტარში სამი ახალი ქვესადგურის მშენებლობას გეგმავს. ასევე დაგეგმილია რეაბილიტაცია ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის ქვესადგურებში.