ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია “ჯორჯიან მანგანეზს” მოუწოდებენ დასქმებულებს შრომის ანაზღაურება სრულად გადაუხადონ.
არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ კოპპანიის გადაწყვეტლება საწარმოო პროცესის ნაწილობრივ შეჩერებისა და დასაქმებულების ხელფასების შემცირების თაობაზე უხეშად არღვევს საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ ნორმებს.
„კომპანიის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის პროტესტის გამო, 2020 წლის 17 თებერვლიდან კომპანიის მაღაროების ფუნქციონირება შეჩერებულია და შექმნილი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიის გადაწყვეტილებით, პირველი მარტიდან 20 მარტის ჩათვლით დასაქმებულები მოცდენის პერიოდში არსებული ანაზღაურების მხოლოდ 60%-ს მიიღებენ. დასაქმებულის სურვილის შემთხვევაში, აღნიშნულ პერიოდში, ანაზღაურებადი შვებულების შემთხვევაში კი მათი ანაზღაურება 100% იქნება. 20 მარტიდან აპრილის ბოლომდე, დასაქმებულები ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღურების მხოლოდ 60%-ს მიიღებენ“, - წერია არასამთავრობოების განცხადებაში და აღნიშნულია, რომ სოფელ შუქრუთის მოსახლეობა ჯერ კიდევ 2019 წლის სექტემბერსა და ნოემბერში ითხოვდა შპს „ჯორჯიან მანგანეზისგან“ იმ ზიანის კომპენსირებას, რომელიც, მოსახლეობის თქმით, მათ სახლებსა და საცხოვრებელ გარემოს კომპანიის საქმიანობის გამო მიადგა.
შუქრუთელები აცხადებენ, რომ ზიანის კომპენსირების შესახებ კომპანიასთან მიღწეული სიტყვიერი შეთანხმებები არაერთხელ დაირღვა, რამაც თებერვლის თვიდან ადგილობრივების მხრიდან წინააღმდეგობის კვლავ განახლება, შუქრუთის მაღაროების ბლოკირება და მათი მუშაობის შეფერხება გამოიწვია.
„თავის მხრივ, მოსახლეობის სამართლიანი პროტესტისა და მაღაროების საქმიანობის შეჩერების ფონზე, კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ხდება კომპანიაში დასაქმებული ადამიანების ხელფასების დაკლება, წარმოადგენს კანონის უხეშ დარღვევას. ასევე, ამ გადაწყვეტილებით, კომპანია აჩენს შუქრუთის მოსახლეობასა და დასაქმებულებს შორის კონფლიქტს და ცდილობს მოლაპარაკებების პროცესში დამატებითი ბერკეტების მოპოვებას“, - წერია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ როდესაც შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ შექმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და გადაჭრის ნაცვლად არჩევს საქმიანობის შეჩერებას, ეს ნაბიჯი უნდა ჩაითვალოს დამსაქმებლის ბრალით გამოწვეულ საქმიანობის იძულებით მოცდენად და ამ პერიოდში, შრომის კოდექსის თანახმად, დასაქმებულს უნდა შეუნარჩუნდეს სამუშაო ადგილი და შრომის ანაზღაურება უნდა მიეცეს სრული ოდენობით.
„გაუგებარია კომპანიის პირობა, რომლის თანახმადაც 2020 წლის პირველი მარტიდან 20 მარტამდე საქმიანობის იძულებით მოცდენისას, დამსაქმებლებს 100%-იანი სახელფასო ანაზღაურება მიეცემათ მხოლოდ ანაზღაურებადი შვებულების გამოყენების შემთხვევაში. საქართველოს შრომის კოდექსის5 თანახმად, დასაქმებული უფლებამოსილია ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში 24 სამუშაო დღით. ანაზღაურებადი შვებულება წარმოადგენს დასაქმებულის უფლებას და ვერ ჩაანაცვლებს დამსაქმებლის ვალდებულებას, დასაქმებულებს კუთვნილი ხელფასები სრულად გადაუხადოს“, - წერია განცხადებაში.