კანადამ დაგმო რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებული კიბერშეტევა. ამის შესახებ ინფორმაციას კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"კანადა მკაცრად გმობს ამ მავნე მოქმედებებს. ამ ქმედებების მიზანია საქართველოში მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებამდე განხეთქილების პროვოცირება და იგი საერთაშორისო სამართლის, ნორმებისა და შეთანხმებების აშკარა უგულებელყოფას წარმოადგენს.
რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერშეტევა არის მცდელობა იმისა, რომ საქართველოში გამოიწვიოს დესტაბილიზაცია და ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ ინსტიტუტებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ რუსეთი ადრეც იყო შემჩნეული კიბერდანაშაულებებთან კავშირში და მოუწოდებს მას შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც საერთაშორისო შეთანხმებებს უგულვებელყოფს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელებულ კიბერშეტევაზე პასუხისმგებელია რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
"2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე.
კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.
აღნიშნული კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას.
ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, აღნიშნული კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებული შეტევა დაგმეს შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთმა, დანიამ, ჩეხეთმა, ნორვეგიამ, ლიეტუვამ და მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ.