ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას კონსტიტუცია უკრძალავს. მეორედ მოსვლას ივანიშვილი იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს იტყვის.
კონსტიტუციის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც, იმავდროულად, სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა.
იურისტი ლევან ალაფიშვილი აღნიშნავს, რომ მოქალაქეობის დათმობის გარეშე, ივანიშვილს საკონსტიტუციო ცვლილების გატარება დასჭირდება, რაც ძალიან დიდ პროცედურებთან არის დაკავშირებული.
"კონსტიტუციურ ცვლილებებს ავქვს თავისი პროცედურა, შემუშავება, საყოველთაო სახალხო განხილვა, შემდეგ უკვე პარლამენტში განხილვა სამი მოსმენით, შესაბამისად, მაღალი კვორუმი, ან სამი მეოთხედი, ან ორი მესამედი.
ერთ შემთხვევაში, მას ორი პარლამენტი სჭირდება, მეორე შემთხვევაში სჭირდება ერთი პარლამენტი, მაგრამ მაჟორიტარებს რომ თავი დავანებოთ, ოპოზიციამ არ მგონია, ამას მხარი დაუჭიროს", - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.
ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას ვარაუდობს.