ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ პროფესიულ და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებს განახორციელებენ. ამის შესახებ მემორანდუმს ხელი ჟვანიას სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მოაწერეს.
"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ჩვენთვის დიდი პატივია. ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, რომ აღმოსავლეთ საქართველოში საჯარო მოხელეების პროფესიული განვითარების კუთხით ჩასატარებელი ტრენინგები უზრუნველვყოთ თსუ-ს ბაზაზე", - განაცხადა სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, უნივერსიტეტი აქტიურად იქნება ჩართული ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო სკოლასთან ერთად, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამაში.
"ჟვანიას სკოლასთან ხანგრძლივი თანამშრომლობა გვაკავშირებს. იმისთვის, რომ სახელმწიფო ენა გახდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი, რეგიონებში ბევრი პროგრამა ხორციელდება. განსაკუთრებით იქ, სადაც ეროვნული უმცირესობები ცხოვრობენ. ჩვენ მხარს დავუჭერთ პროგრამის განხორციელებას, ეს ჩვენსა და ჩვენი ქვეყნის ინტერესებშიც შედის", - აღნიშნა თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
ორმხრივი მემორანდუმის მიზანია ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, კონფერენციების, სემინარების ორგანიზება, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება საჯარო სექტორში მომუშავე პირთა პროფესიული განვითარებისთვის.