შანტაჟის, ბულინგისა და ჟურნალისტური ზონდერობის დამნერგავი მედია არც ხალვაშის მინდა და არც ყარამანიშვილების, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ცოტა ხნის წინ ანონიმურ წერილზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე და ჩემი კოლეგები ბიძინა ივანიშვილისგან რაღაცის სანაცვლოდ, მორჩილებისა და მესიჯების გამეორების სანაცვლოდ, შავ ფულს ვიღებთ. გარდა იმისა, რომ ეს სწორი არ არის, სიბინძურეა. ასეთივე წარმატებით შემიძლია ვთქვა, რომ ანონიმურმა წყარომ მითხრა, რომ „რუსთავი 2“-ის გარკვეული შემადგენლობა ღამღამობით სატანისტურ შეკრებებს ატარებს და შავი კატის წინაშე იფიცებს, რომ ერთმანეთს არ უღალატებენ და ბრძოლაში ბოლომდე დადგებიან. ზუსტად იგივე შემიძლია, გავავრცელო, მედიასაშუალება რომ მქონდეს, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნია. არ მაინტერესებს, „რუსთავი 2“ ვისია, ქიბარ ხალვაშის არის, ოქრუაშვილის, ყარამანიშვილების, თუ ნაყოფიასი. როგორც მაყურებელს, მინდა, კრიტიკული მედია ვიხილო, რომელიც არის ინტენსიურად ინფორმაციის მიმწოდებელი საზოგადოებისთვის. მათ შორის, ძალიან კრიტიკულ თემებზე, მაგრამ შანტაჟის, ბულინგისა და ჟურნალისტური ზონდერობის დამნერგავი მედია არც ხალვაშის მინდა და არც ყარამანიშვილების“, – განაცხადა ვოლსკიმ.