„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018-2019 წლებში უპრეცედენტო სარეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაოები გაწია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა ბორჯომში გამართულ კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც დეპუტატებმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის შესრულებული სამუშაოს ანგარიში მოისმინეს.
კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის შეფასებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო უაღრესად მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევა. მისი ინფორმაციით, დასრულების სტადიაშია მუცოს სარეაბილიტაციო სამუშაოები, გრძელდება ნოქალაქევის კომპლექსის, აწყურის ღვთისმშობლის ტაძრისა და აწყურის ციხის რეაბლიტაცია.
„ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა მცხეთისა და გელათის ამოღება იუნესკოს საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან. ჩვენ გადავარჩინეთ მცხეთა და გელათი“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მისი თქმით, 2018 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლისა და რესტავრაციის საქმესთან დაკავშირებით 8000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა. მისივე ინფორმაციით, სააგენტოსა და და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის ძალისხმევით, ასევე სამინისტროსა და ფონდი „ქართუს“ ხელშწყობით 122 ძეგლის რეაბილიტაცია განხორციელდა.
„ბოლო 5 წლის მანძილზე მნიშვნელოვნად იზრდება მუზეუმებსა და მუზეუმნაკრძალებში ვიზიტორთა რაოდენობა, რის შედეგადაც 5-ჯერ გაიზარდა შემოსული ფინანსური რესურსების რაოდენობა“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.