არასამთავრობო ორგანიზაციები ძირითადად შექმნილია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ, მათი ხელდასმულები არიან და დღეს ისინი ან ხიბლში არიან, ან ვალში, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არ უნდა გაგვიკვირდეს მათი მხრიდან სიჩუმე იმ ამაზრზენ და არაადეკვატურ განცხადებაზე, რომელიც გააკეთა პარტიული ტელევიზიის ხელმძღვანელმა.
„ამავდროულად, ყოფილ პროკურორს უნდა ახსოვდეს, რომ თითოეულ ჩვენთაგანს აქვს კონსტიტუცით მინიჭებული უფლება გააკეთოს არჩევანი, ეს არის თავისუფლების გამოხატვა, გააკეთოს არჩევანი ამა თუ იმ კანდიდატთან მიმართებაში. ეს ადამიანები არიან წარსულში ჩარჩენილები და ცდილობენ იმ ადგილიდან, სადაც იმყოფებიან საზოგადოებაზე ზეწოლა მოახდინონ და შეუზღუდონ თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობა. ჩვენ, საზოგადოებამ, რა თქმა უნდა, უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია და ჩავტოვოთ იქ, სადაც არიან. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ უნდა მოვახდინოთ ერის გაერთიანება. არ გვჭირდება გაყოფილი საზოგადოება, ეს ძალიან ცუდია. ვიცით, როგორი იყო წლების განმავლობაში დაყოფილი საზოგადოება, დაპირისპირებული საზოგადოება, ამიტომ გვჭირდება ერთიანობა, ურთიერთპატივისცემა, მეტი სიყვარული. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც შეძლებს საზოგადოების გაერთიანებას. ამას დრო დასჭირდება, მაგრამ შევძლებთ", - განაცხადა კალაძემ.
მან აქვე აღნიშნა, რომ არანორმალურია ის განცხადება, რომელიც ნიკა გვარამია გააკეთა.
„შესაბამისად, არასამთავრობოების მხრიდან უნდა მომხდარიყო რეაგირება. ორმაგი სტანდარტი, რასაც დღეს ვხედავთ, კატეგორიულად მიუღებელია. ის რეიტინგი, რომელიც საზოგადოებაში გააჩნიათ არასამთავრობოების წარმომადგენლებს, იქ იქნებიან, თუ არ განახორციელებენ და არ მოახდენენ რეაგირებას ასეთ განცხადებებზე", - დასძინა კალაძემ.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს, ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, ყველა პოლიტიკოსი, რომელიც დაყვება და მხარს უჭერს, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ.