წინასწარი გამოძიება ადასტურებს, რომ Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული რაკეტა გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ს აზერბაიჯანის სამთავრობო წყარომ ექსკლუზიურად დაუდასტურა.
Euronews-ი წერს, რომ წყაროების თქმით, რაკეტა გროზნოს თავზე დრონების აქტიურობის დროს გაისროლეს. რაკეტა თვითმფრინავის გვერდზე აფეთქდა და შრაპნელმა ის დააზიანა. წყაროების თქმით, დაზიანებულ თვითმფრინავს რუსულ აეროპორტებში დაჯდომის ნება არ დართეს, მიუხედავად იმისა, რომ ბორტი საავარიო დაშვების ნებართვას ითხოვდა. მათ მისცეს მითითება, რომ აქთაუს მიმართულებით ეფრინათ.
არსებული ინფორმაციით, მთელი ფრენის განმავლობაში თვითმფრინავის „ჯიპიეს“ სისტემები ჩახშობილი იყო.
ამასთან, აზერბაიჯანული წყაროების ცნობით, რაკეტა „პანცირის“ საჰაერო თავდაცვის სისტემიდან გაუშვეს.
თვითმფრინავის რუსული რაკეტით შესაძლო დაზიანების შესახებ წერდა „რადიო თავისუფლებაც“.
აზერბაიჯანის ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავმა Embraer 190, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, კატასტროფა 25 დეკემბერს, დილით განიცადა ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტში დაშვების მცდელობისას.
თვითმფრინავის ბორტზე სულ 67 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 62 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 38 ადამიანი.
ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს მონაცემებით, ბორტზე აზერბაიჯანის 37 მოქალაქე, რუსეთის 16 მოქალაქე, ასევე ყაზახეთის ექვსი და ყირგიზეთის სამი მოქალაქე იმყოფებოდნენ.