აჭარის ტურისტული პოტენციალი ტალინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ესტონელი ვიზიტორების ყურადღების ცენტრში მოექცა. რეგიონის ტურისტული პროდუქტები გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად წარადგინა.
საქართველოს სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ ქვეყნისა და რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს გასცნობოდნენ, ასევე დეტალური ინფორმაცია მიეღოთ ქვეყანაში მოგზაურობისთვის საჭირო საკითხების შესახებ. ტალინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა „TUEREST 2018” ბალტიისპირეთში ყველაზე მასშტაბური გამოფენაა და მასში 34 ქვეყნის 511 ორგანიზაცია მონაწილეობს. გამოფენას ყოველწლიურად 28 000-მდე ვიზიტორი სტუმრობს.
გამოფენაზე ხალხმრავლობით გამოირჩეოდა საქართველოს სტენდიც. ესტონელებისათვის საქართველო ახალი და საინტერესო ტურისტული მიმართულებაა, შესაბამისად წლიდან წლამდე იზრდება ქვეყნისა და რეგიონის მიმართ ინტერესი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ესტონეთში სარეკლამო კამპანიების წარმოება 2017 წელს დაიწყო და წელსაც გააგრძელებს.