თარიღი    დრო

"ქართველებს რუსები ყველაზე მეტად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო სძულთ" -  რუსული გამოცემა საქართველოზე

საქართველო, თბილისი - 13:36 01.12.2018 4812

 „საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულმა მოუგვარებელმა პრობლემებმა ფაქტიურად მდგრადი ხასიათი შეიძინეს. უკვე ბევრს რუსეთშიც და საქართველოშიც ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მუდმივად ასე იყო. მასობრივ ცნობიერებაში თანდათანობით მტკიცდება შეგრძნება იმისა, რომ ჩვენს ურთიერთდამოკიდებულებაში მხოლოდ ნეგატივი დომინირებს“, - ასე იწყება ჟურნალისტ ოლეგ ეგოროვის ვრცელი ანალიტიკური სტატია სათაურით -„ქართული პარადოქსი“, რომელშიც განხილულია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორია და მისი ამჟამინდელი მდგომარეობა.

რუსული გამოცემის  „ვაენნოე აბაზრენიეს“ მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ყურადღება გამახვილებულია რუსეთის როლზე იმ ქართული მიწების დაბრუნება-გაერთიანებაში, რომლებიც ოსმალეთის იმპერიას ჰქონდა მიტაცებული.

„ფაქტია, რომ საქართველოს ტერიტორიების გაერთიანება მხოლოდ რუსეთის იმპერიის დახმარებით გახდა შესაძლებელი. იმ დროს ვერცერთი სახელმწიფო ვერ შეძლებდა რუსეთის როლის შესრულებას, ვერცერთი ქვეყნის ლიდერი ვერ განახორციელებდა იმ ამოცანის რეალიზებას, რაც რუსეთის ლიდერებმა მოახერხეს“, - ხაზგასმულია სტატიაში.

„პრინციპში, პროექტი „რუსული//საბჭოთა საქართველო“ განსაზღვრულ მომენტამდე სავსებით წარმატებული იყო. ამ შემთხვევაში დადებითი როლი სწორედ გარეშე ჩარევამ შეასრულა. უდავოა, რომ ქართული კულტურა რუსული იმპერიული პროექტის ფარგლებში ვითარდებოდა. ასევე უდავოა ის ფაქტი, რომ სწორედ რუსეთის შემადგენლობაში ეზიარენ ქართველები ევროპულ ფასეულობებს. შეიძლება არატოლერანტულად ჟღერს, მაგრამ ვერავინ უარყოფს იმას, რომ ევროპული კულტურა საქართველოში რუსეთის იმპერიის ძალისხმევით შევიდა“, - აღნიშნავს ავტორი და აგრძელებს:

„და ამ დროს პარადოქსია, რომ ქართველები ამ ჭეშმარიტებას განგებ ივიწყებენ. დიახ, იყო ნეგატიური მომენტებიც, მაგრამ განა რომელიმე სახელმწიფოა იდეალური? რუსეთის იმპერიასაც, საბჭოთა კავშირსაც თავისი ნაკლოვანება ჰქონდათ, მაგრამ განა საქართველო დღეს უკეთეს მდგომარეობაშია? იმპერია საქართველოს ფულს აყრიდა, საგარეო საფრთხეს ანეიტრალებდა, მაგრამ როგორც კი იმპერია გაქრა, ქართული სამოთხე გაქრა.

ქართველებს რუსები ყველაზე მეტად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო სძულთ. ესეც პარადოქსია. განა ქართველებს რომ აფხაზები და ოსები დაემორჩილებინათ, ყველა სეპარატისტი რომ გაენადგურებინათ და იქაურობა სასაფლაოდ ექციათ, ამით საქართველო მდიდარი და აყვავებული ქვეყანა, მეორე სამხრეთ კორეა გახდებოდა? ავტონომიებთან მოლაპარაკებისა და გონივრული კომპრომისების ნაცვლად მათ ძალა აირჩიეს.

ქართველები პრინციპულად არც ახლა არ თანხმდებიან ეროვნულ უმცირესობებთან მოლაპარაკებაზე. საერთოდ, კავკასიის დამოუკიდებელ სახელმწიფოებს საკუთარი თავი ევროპულ ქვეყნებად მიაჩნიათ, სინამდვილეში კი 100%-იან კლასიკურ აზიურ პოლიტიკას ატარებენ: „ყელს გამოგჭრით!“. თბილიშში ვერ გაუგიათ, რომ ასეთი პოლიტიკით ერთიანი და აყვავებული სახელმწიფოს შექმნა ტექნიკურად შეუძლებელია. თეორიულად კი, მაგრამ რეალურად ევროპული სახელმწიფოს საკუთარი რესურსებით ვერ მოხერხდება.

არც ევროპა და არც ამერიკა არ ჩქარობს საქართველოსთვის საკმარისი რესურსებით უზრუნველყოფას. მიზეზი მარტივია: იმიტომ, რომ ძვირია. ეს მხოლოდ „რუსულ//საბჭოთა პროექტით“ იყო „იაფი“ „ბედნიერი ბავშვობის“ ეპოქა, თორემ დასავლეთი ყოველ დოლარს ითვლის. ისინი ქართველებს არასოდეს არ მისცემენ იმდენ ფულს, რომ თბილისმა თავის 

მიზანს მიაღწიოს - სწრაფად განვითარდეს და „ეკონომიკური სასწაულით“ სოხუმი და ცხინვალი მოხიბლოს. ამის მიუხედავად, საქართველო მაინც ნატოსა და ევროკავშირისკენ ისწრაფვის და რუსეთი სძულს, მოსკოვთან მეგობრობა კატეგორიულად არ უნდა.

თბილისის პოზიცია ძალიან მარტივია: „ჯერ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაგვიბრუნეთ, შემდეგ კი ვილაპარაკოთ“. თანაც მათი „შემდეგ ვილაპარაკოთ“ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკელი ბიჭები საქართველოს სტუმართმოყვარე მიწას დატოვებენ და მათ შოიგუს ბიჭები ჩაანაცვლებენ. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს არასოდეს არ მოხდება. აბა, რაზეა ლაპარაკი?

ერთი რამ გაურკვეველია: რა ინტერესები აქვს რუსეთს? განა ჩვენ გვჭირდება „ჯერ დამიბრუნე“-ზე დაფუძნებული „კარგი ურთიერთობა“? რუსეთშიც ზოგიერთი ამბობს, რომ კრემლი საქართველოსთან არასწორ პოლიტიკას ატარებსო, მაგრამ არავინ განმარტავს, რით უნდა იყოს გამოხატული სწორი პოლიტიკა ისე, რომ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიც მეტ-ნაკლებად დაცული იყოს. 

ისტორიული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობა პოზიტიური და ერთმანეთისადმი პატივცემული უნდა იყოს, მაგრამ რატომღაც ასე არ არის. ქართველები დღეს იმედით ამერიკელებს და ევროპელებს უყურებენ. მაგრამ განა რა ისეთი გაუკეთა ამერიკამ საქართველოს? პრაქტიკულად არაფერი. დიახ, ვაშინგტონი უღიმის საქართველოს, ხელს ართმევს ქართველ პოლიტიკოსებს, მხარზე ხელს უთათუნებს, მაგრამ შედეგი? ამ დროს კი ღიმილითა და „მხარზე ხელის მოთათუნებით“ იმედმოცემული თბილისი ავღანეთში პატარა ქვეყნისათვის ძალიან მსხვილ კონტინგენტს აგზავნის...

ავღანური მისია არცთუ ისე იშვიათად ტრაგიკულ შედეგებს იწვევს. რას იღებს საქართველო სანაცვლოდ? მეგობრობას დიდ ამერიკელ ხალხთან! რუსეთთან მეგობრობა კი მხოლოდ პრეტენზიების სიის დაკმაყოფილებით დაიწყება: „ტერიტორიების დაბრუნებით“, სავაჭრო-ეკონომიკური პრეფერენციებით, უვიზო რეჟიმით... აი, მხოლოდ ამ მოთხოვნების შესრულების შემდეგ დაგვიმეგობრდება დიდი ქართველი ხალხი...

როგორც ჩანს, ჩვენი მეზობლები რუსეთთან მეგობრობის მნიშვნელობას ცუდად აცნობიერებენ. როცა მართლმადიდებელი საქართველო რუსეთთან დამოკიდებულებაში ამერიკასავით იქცევა, სხვებზე რაღა უნდა ვთქვათ“?- ვკითხულობთ სტატიაში.

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.5%
შემცირდა 12.5%
არ შეცვლილა 3%