თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
როგორც ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, გამომდინარე იქედან, რომ ხანძარი კერძო ობიექტზე მოხდა, ეს არის დავა ორ კერძო სუბიექტს შორის.
მისი თქმით, ერთჯერადი დახმარებისათვის, დაახლოებით, მილიონ ლარზე მეტი თანხა თბილისის მერიის სარეზერვო ფონდში არსებული თანხიდან გამოიყოფა.
„ ეს იყო პოლიტიკური გადაწყევტილება, რომ მერიის სარეზერვო ფონდი მთლიანად დაზარალებულთა მხარდასაჭერად ყოფილიყო მიმართული. თავდაპირველად საკრებულოში დაზარალებულთა 273-კაციანი სია იყო შემოტანილი, თუმცა, შემდგომ ეს სია გაიზარდა, რის გამოც ერთჯერადი დახმარებისთვის გამოყოფილი თანხა შემცირდა.
თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ ყველა იმ ოჯახს, რომელსაც გარკვეული სოციალური პრობლემები ჰქონდა, რაიონის გამგეობებმა დამატებით 500-დან 1500 ლარამდე დახმარება ცალკე გამოუყვეს.
სახელმწიფო მაქსიმალურად მხარში ამოუდგა ამ ადამიანებს. რაც შეეხება სამი ათასლარიან ერთჯერად დახმარებას, აღნიშნული თანხის გაცემაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია და თანხის გაცემის პროცესი დაზარალებულების მხრიდან სურვილის შემთხვევაშივე დაიწყება“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.