4 დეკემბერს, 19:00 საათზე, თბილისში, ზ.წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ცნობილი რუსი პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, ანატოლი სობჩაკის წიგნის - „თბილისის ჟამტეხილი, ანუ 1989 წლის სისხლიანი კვირა" - პრეზენტაცია გაიმართება.
ანატოლი სობჩაკის წიგნს ქართულ საზოგადოებას ლუდმილა ნარუსოვა, ქსენია სობჩაკი და ანატოლი სობჩაკის ფონდი წარუდგენენ.
წიგნი პირველად რუსულ ენაზე 1993 წელს გამოიცა. 236-გვერდიანი წიგნის ტირაჟი 100 ათასი ეგზემპლარი იყო და ის გამოცემიდან რამდენიმე დღეში სრულად გაიყიდა.
„1989 წლის 9 აპრილს დასრულდა ჩემი წინასაარჩევნო ბრძოლა. გვიან ღამე გავიგე, რომ გავიმარჯვე და გავხდი სსრკ-ს სახალხო დეპუტატი. ამ დროს კი თბილისში ხდებოდა მოვლენები, რომელსაც ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი როლი უნდა შეესრულებინა", - წერს ავტორი პირველი გამოცემის წინასიტყვაობაში.
სობჩაკი აღნიშნავს, რომ წიგნში არა მხოლოდ საპარლამენტო კომისიის წევრის მიერ მოთხრობილი ამბავია, რომლის წინაშე წარსდგა ასობით მოწმე, რომელმაც ნახა ათასობით დოკუმენტი და ვიდეომასალა 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით. არამედ ეს არის ადამიანის ფიქრი, რომელმაც მრავალჯერ განიცადა ყველაფერი რაც „თბილისში 9 აპრილს მოხდა".
სობჩაკი წიგნის წინასიტყვაობას ასე ამთავრებს: „ერთმა ისტორიკოსმა, ჩემი აზრით, სრულად მართალი სიტყვები თქვა იმის შესახებ, რომ ხალხი, რომელსაც არ ახსოვს თავის წარსული, განწირულია ის ხელმეორედ განიცადოს. ეს წიგნი დაიწერა იმისთვის, რომ ჩვენ არასოდეს ვიყოთ განწირულები ახალი სისხლიანი კვირისთვის".
ანატოლი სობჩაკი 1937 წელს ჩიტაში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ადვოკატად. 1962 წელს დაამთავრა ასპირანტურა. სხვადასხვა უმაღლეს სასწვლებლებში ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას.
1989 წელს გახდა სსრკ-ს სახალხო დეპუტატი და სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს წევრი. ამავე წელს იგი აირჩიეს „თბილისს მოვლენების" საგამოძიებო კომისიაში.
1990 წელს გახდა ლენინგრადის საოლქო საბჭოს თავმჯდომარე.
ანატოლი სობჩაკი უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა რუსეთის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრებში.
იგი 2000 წელს გულის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა.