გააგრძელებს თუ არა საქართველოში ინვესტირებას ფრანგული კომპანია Louvre Hotels Group-ი და გაიხსნება თუ არა საქართველოში Golden Tulip-ის სასტუმროები, ეს უახლოეს პერიოდში, Golden Tulip-ის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტისას გადაწყდება.
Louvre Hotels Group, რომელიც სასტუმროთა მსოფლიო ბრენდის Golden Tulip-ის მფლობელია. 2012 წელს გაჟღერებული ინფორმაციით, კომპანია საქართველოში 2013 წლის პირველ ნახევარში სასტუმროს გახსნასაც კი გეგმავდა. "ჯი-ეიჩ-ენი" საქართველოში Golden Tulip-ის შემოსვლის თემით და გაყინული პროექტებით დაინტერესდა, რადგანაც კომპანიაში გასულ წელს სააგენტოს განუცხადეს, რომ 2013 წლის ბოლომდე Golden Tulip-ი საქართველოში სამი სასტუმროთი იქნებოდა წარმოდგენილი.
კომპანიის სათაო ოფისში, საქართველოში მიმდინარე თუ შეწყვეტილ პროექტებზე კომენტარი არ გააკეთეს და მხოლოდ ის განგვიმარტეს, რომ კომპანიის პრეზიდენტი საქართველოს მალე ეწვევა.
რეალურად ინვესტორი სახელმწიფოსთან გაფორმებულ ხელშეკრულებას არ არღვევს, რადგანაც თბილისში სასტუმროს მშენებლობა ოფიციალურად 2014 წლის ბოლომდე უნდა დაამთავროს. ხელშეკრულების მიხედვით, „Labbey Development-მა" თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირი N31, 3217 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: N1 საერთო ფართობი-1681.9 კვ.მ; N2-103.1 კვ.მ და N3- 169.5 კვ.მ, 1 მლნ 350 ათას ლარად შეისყიდა და ამ ეტაპისათის შეძენასთან დაკავშირებული სხვა ვალდებულებებიც შეასრულა.
კონტრაქტით ასევე გათვალისწინებულია, 2015 წლის 1 მარტამდე თბილისში, ფალიაშვილის ქუჩის №87-ში მდებარე შენობის რეკონსტრუქცია და არანაკლებ 1 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება.
ამ შემთხვევაში Golden Tulip-ი უნდა იყოს ამ სასტუმროების მენეჯერი, მმართველი კომპანია. თორემ მშენებლობა Golden Tulip-თან დაკავშირებული არ არის.
2013 წლის მაისის მდგომარეობით, უკვე განხორციელებული 2 მლნ. ლარზე მეტი ოდენობით ინვესტიცია, ხოლო მშენებლობის დასრულება და Golden Tulip-ის 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს ექსპლოატაციაში შეყვანა 2014 წლის ბოლომდე უნდა მოხდეს.
"საქართველო განვითარებადი ქვეყანაა და ტურიზმის განვითარებას დიდ ყურადღებას უთმობს. ამ მიმართულებას ხელს უწყობს, მაგალითად, თბილისში ახალი აეროპორტი. ჩვენ ვიწყებთ სასტუმროების ქსელის განვითარებას სწორედ თბილისში, ქალაქის ცენტრში; 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო შენდება თელავშიც",- განუცხადეს რამდენიმე თვის უკან "ჯი-ეიჩ-ენს" Louvre Hotels Group-ში.
საქართველოში Golden Tulip-ის მთავარი პარტნიორად კომპანია Labbey Development LLC-ი და ბიზნესმენი გელა მიქაძე სახელდება.
„ჯი-ეიჩ-ენი" Labbey Development LLC-ის დირექტორს ზურაბ ნეფარიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ სასტუმროების მშენებლობა საქართველოში ფინანსების გამო შეჩერებულია. იმავდროულად „Labbey Development LLC"-ში საქართველოში Golden Tulip-ის პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ
ზურაბ ნეფარიძის თქმით, მშენებელი კომპანია არის ქართული, რომელსაც ჰყავს უცხოელი დამფუძნებელი. ისინი აშენებენ საქართველოში სასტუმროებს, თუმცა მშენებლობა ეხლა დროებით შეფერხებულია.
კომპანიაში მშენებლობის გაგრძელებისათვის სხვა პარტნიორთან ურთიერთობის საკითხს არ განიხილავენ, ზურაბ ნეფარიძე აცხადებს, რომ „აქ სხვა საკითხებია, რომელთა კომენტირებისგან ეხლა თავს შევიკავებდი. უბრალოდ ჯერჯერობით სასტუმროების მშენებლობა არის შეფერხებული და არა შეჩერებული".
„ჯი-ეიჩ-ენი": ის რისი კომენტირებისგანაც თავს შეიკავებდით გელა მიქაძის ფაქტორია?
ზურაბ ნეფარიძე: ვერაფერს ვერ დაგიდასტურებთ და ვერაფერს ვერ გეტყვით. ეს არის უცხოელ ინვესტორთა ჯგუფი, რომელთაგანაც მე ველოდები დამატებით ინფორმაციას გაგრძელდება თუ არა მშენებლობა
„რამდენიმე წლის წინ ჩვენმა ინვესტორებმა გადაწყვიტეს საქართველოში საკუთარი პროექტის განხორციელება. Golden Tulip-ის სასტუმრო ქვეყანაში 2013 წლის პირველ მეოთხედში გაიხსნება. ეს იქნება 4 ვარსკვლავიანი, 103 ოთახიანი სასტუმრო სახელწოდებით Golden Tulip Park, რომელიც ბიზნესმენებსა და ადგილობრივ საზოგადოებას მოემსახურება. ბატონი გელა მიქაძის დახმარებით, ჩვენ სხვა მფლობელებთან ერთად ასევე გავხსნით 96 ოთახიან სასტუმროს თელავში. ფილიალის გახსნა ასევე იგეგმება საქართველოს ულამაზეს კუთხეში ბორჯომში. ეს ყველაფერი საერთაშორისო ტურისტებს მოიზიდავს და ქვეყნის სილამაზესა და მრავალფეროვნებას პოპულარიზაციას გაუწევს. ჩვენი პროექტის ფარგლებში ამ სამი სასტუმროს გარდა, იმ 42 ქვეყანაში, სადაც ახლა Golden Tulip-ის სასტუმროები ფუნქციონირებს იფრიალებს ქართული დროშები. მოგზაურებს საშუალება ექნებათ იქვე დაგეგმონ საქართველოში ვიზიტი ამ სამი მიმართულებით. მომავალი 2 წლის განმავლობაში სასტუმროს გახსნა ბათუმსა და სხვა მხარეებშიცაა დაგეგმილი."- აცხადებდა გასულ წელს, Finance-თვის მიცემულ ინტერვიუში Golden Tulip MENA-ს პრეზიდენტი ამინ ე.მოუკარზელთა.
თუმცა ირკვევა, რომ 2013 წლის 9 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტებზე, შპს „რაკიინ დეველოპმენტი"-ს და შპს ,,რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯია''-ს ყოფილი დირექტორი გელა მიქაძე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ გელა მიქაძემ, როგორც შპს „რაკიინ დეველოპმენტი"-ს დირექტორმა, საწარმოს დამფუძნებლების, არაბი ინვესტორების თანხმობის გარეშე, 2011 წლის 10 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით მართლსაწინააღმდეგოდ, მის მიერ რეგისტრირებულ არარეზიდენტ კომანდიტურ საზოგადოება ,,ბესტფორდ დეველოპმენტ ელ-ელ-ფი''-ზე, სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადააფორმა 16 940 000 ლარის ღირებულების შპს ,,რაკიინ დეველოპმენტი''-ს 8.47%-იანი წილი. მანვე, როგორც შპს ,,რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯია''-ს დირექტორმა, 2011 წლის 30 აგვისტოს და 2012 წლის 5 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებებით, მართლსაწინააღმდეგოდ მის მიერ რეგისტრირებულ არარეზიდენტ კომანდიტურ საზოგადოება ,,მენლაინ პროჯექთს ელ-ელ-ფი''-ზე სიმბოლურ ფასად, ასევე 1 ლარად გადააფორმა 30 000 000 ლარის ღირებულების შპს ,,რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯია''-ს 15%-იანი წილი და 3 300 000 აშშ დოლარის ღირებულების შპს „რაკია საქართველოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონ"-ის 15%-იანი წილი.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2008 წლის 18 ივნისს შპს „რაკიინ დეველოპმენტ"-სა და შპს „მთაწმინდის პარკს" შორის გაფორმდა ხელშეკრულება მთაწმინდის პარკის მართვის უფლებით გადაცემის შესახებ, რომლის შესაბამისადაც, შპს „რაკიინ დეველოპმენტმა" 2008-2011 წლებში თბილისის მთაწმინდის პარკში განახორციელა დიდი ოდენობით ინვესტიცია. 2012 წლის 3 მაისს მოხდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, შპს „თბილისის პარკს" მართვის უფლებით გადაეცა მთაწმინდის პარკი, რის სანაცვლოდაც, აღნიშნულ შპს-ს 12 000 000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა. გელა მიქაძის მითითებით, შპს ,,თბილისის პარკი''-ს მიერ გადმორიცხული 6 000 000 დოლარიდან 5 700 000 დოლარი გადარიცხული იქნა გ.მიქაძის გამგებლობაში არსებული კომპანიების კომანდიტური საზოგადოება „ბესფორდ დეველოპმენტ ელ-ელ-ფი"-სა და შპს ,,ლაბეი დეველოპმენტი''-ს საბანკო ანგარიშებზე, იმის ნაცვლად, რომ ზემოთხსენებული თანხა გადარიცხულიყო შპს ,,რაკინ დეველოპმენტ''-ში. აღნიშნული ქმედებებით, გ. მიქაძემ არაბული საინვესტიციო კომპანია რაკიინის 52 385 000 ლარის ღირებულების წილები და ფულადი თანხა 5 700 000 აშშ დოლარი მიითვისა.
აღნიშნული კომპანიები საქართველოში ფლობენ შემდეგ აქტივებს: სავაჭრო ცენტრი „თბილისის მოლი," სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი," ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და სხვ.
გამოძიება გრძელდება საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 11 წლამდე ვადით.
"ჯი-ეიჩ-ენი" მაია არაბიძე