აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი პირველი სამხედრო დახმარების პაკეტები დამტკიცდა და უკრაინაში, სავარაუდოდ, მალე გაიგზავნება. ვაშინგტონი კიევში იარაღის მიწოდებას მოკავშირეებთან ახალი ფინანსური შეთანხმების ფარგლებში განაახლა. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს ცნობით, თავდაცვის მდივნის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში, ელბრიჯ კოლბიმ „უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის“ (PURL) სახელით ცნობილი ახალი მექანიზმის ფარგლებში, 500 მილიონი დოლარის ღირებულების ორი პაკეტი დაამტკიცა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს არის აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ შემუშავებული ახალი მექანიზმის პირველი გამოყენების ფაქტი, რომელიც უკრაინისთვის ამერიკული მარაგებიდან იარაღის მიწოდებას ნატო-ს სახსრების საშუალებით უზრუნველყოფს.
როგორც ცნობილია, „რამშტაინის“ ფორმატში 30-ე შეხვედრის შემდეგ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა დენის შმიჰალმა წარმოადგინა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის ძირითადი შეთანხმებების სია, მათ შორის, კერძოდ, PURL-ის ინიციატივის ფარგლებში შეტანილი წვლილი გერმანიისგან 500 მილიონი ევროს, კანადისგან 500 მილიონი დოლარის, ლიეტუვისგან 30 მილიონი ევროს, ბელგიისგან 100 მილიონი ევროს, ლატვიისგან 5 მილიონი ევროს, ასევე ლუქსემბურგის, შვედეთის, დანიის, ნორვეგიისა და ისლანდიის მონაწილეობის შესახებ.