ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ტურიზმის განვითარებაში გამაჯანსაღებელი ტურიზმის წილის ზრდას მოელის. გიორგი სიგუამ კიევის მეორე საერთაშორისო ფორუმზე გამაჯანსაღებელი ტურიზმის შესახებ წარადგინა მოხსენება. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას გიორგი სიგუამ განმარტა, საქართველოში უამრავი კურორტია, საიდანაც დღეისათვის რეალურად მხოლოდ 20 %-ი მუშაობს.
„პირველ რიგში ის, რომ ჩვენ აქ საუბარი გვაქვს შავი ზღვის თანამშრომლობის ორგანიზაციის ეგიდით ერთობლივი ტურისტული პროდუქტების შექმნაზე და საერთო ტურისტული პროდუქტების ცნობადობის გაზრდაზე, რათა მსოფლიომ და სხვა რეგიონებმა გაიგონ რა სამედიცინო ტურისტული პროდუქტები არსებობს თურქეთში, უკრაინაში, საქართველოსა თუ სხვა ქვეყნებში.
საქართველოში სამედიცინო ტურიზმი იყო უაღრესად განვითარებული. ქვეყანაში მუშაობდა უამრავი სანატორიუმი. მარტო წყალტუბოში იყო 53 სანატორიუმი. დღეს საქართველოში გვაქვს 103 კურორტი და 182 საკურორტო ზონა. აქედან რეალურად მხოლოდ 20 %-ი მუშაობს, დანარჩენი არის გაპარტახებული. ამ დროს კი საქართველოს არის ძალიან მდიდარი ბალნეოლოგიური, კლიმატობალნეოლოგიური, კლიმატოთერაპიული კურორტებით და საუბარია პირველ რიგში იმაზე, რომ ისინი დგანან აღდგენის ზღვარზე. ჩვენს მეგობარს გავაცანით რა გვაქვს საქართველოში და რა შეიძლება გაკეთდეს, ეს ემსახურება რა თქმა უნდა, ინვესტიციების მოზიდვას, ცნობადობის ამაღლებას.
მკურნალობისთვის საქართველოში უნიკალური პირობებია, არის ადგილები სადაც სხვადასხვა ორგანოს მკურნალობისთვის ცალ-ცალკე ადგილებია გამოყოფილი, ეს იქნება წყლებით თუ უბრალოდ კლიმატით"- განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" კიევიდან გიორგი სიგუამ.
როგორც ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი განმარტავს, დღეს გამაჯანსაღებელ ტურიზმს ქვეყნის ტურიზმის განვითარებაში საკმაოდ მცირე წილი უკავია, რაც უნდა გაიზარდოს.
„გამაჯანსაღებელ ტურიზმს საქართველოს ტურიზმში ძალიან მცირე წილი უკავია, რაც განპირობებულია იმით, რომ თვითონ გამაჯანსაღებელი კურორტების ინფრასტრუქტურა არის მცირე, ანუ ცოტაა. თუმცა იმის თუ როგორ იზრდება საქართველოში ტურიზმი გამაჯანსაღებელი ტურიზმიც გაიზრდება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ზრდა იქნება მკვეთრი"- აცხადებს გიორგი სიგუა.