რაჭის ყოფილი გუბერნატორის ოთარ სირაძის ინფორმაციით, რაჭაში ღვინო „ხვანჭკარის" მასალის ფასი 8,50 ლარია, რაც უპრეცედენტო ფასია. როგორც სირაძე განმარტავს, დღეისათვის მოქმედი კანონმდებლობა კომპანიებს ადგილწარმოშობის ღვინოების ადგილზე ჩამოსხმას აღარ ავალდებულებს. ყოფილი გუბერნატორის ინფორმაციით, რაჭაში უკვე გამოჩნდნენ კომპანიები, რომლებიც 10 ტონამდე „ხვანჭკარის" მასალას ყიდულობენ, იმისთვის რათა შესაბამისი საბუთები ჰქონდეთ, ხოლო მასა შემდგომ რუსეთში შეაქვთ, სადაც საბოლოოდ ღვინის წარმოება მოხდება.
„რაჭაში რთველი დასკვნით ფაზაში შედის. ყურძნის ფასი „ხვანჭკარის" მასალაზე 8,50 ლარია, რაც უპრეცედენტო და ფრიად დამაფიქრებელია. თავისთავად ის, რომ მევენახეები ასეთ ფასად ახდენენ თავიანთი პროდუქციის რეალიზებას ძალიან კარგია, მითუმეტეს უმეტესობა მათგანისთვის ეს ერთადერთი შემოსავალია, თუმც გრძელვადიან პერსპექტივაში თუ შევხედავთ ამ ყველაფერს ადვილი მისახვედრია, რომ საქმე გვაქვს დიდ სიყალბესთან. პირველი ის, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობა კომპანიებს აღარ ავალდებულებს ადგილწარმოშობის ღვინოების ადგილზე ჩამოსხმას, ან საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. დურდოს გადატანას და იქ ჩამოსხმას, რაც უკვე დიდი საფრთხის შემცველია. რაჭაში გამოჩნდნენ კომპანიები, რომლებიც 5 ან 10 ტონა „ხვანჭკარის" მასალას ყიდულობენ იმისთვის, რომ საბუთი ჰქონდეს იმის დამადასტურებელი, რომ ყურძენი ნამდვილად რაჭაში იყიდეს. შემდეგ უკვე პირდაპირ, დურდო „ცისტერნებით" მიაქვთ ფოთის პორტში და შემდეგ რუსეთში, სადაც უნდა ჩამოასხან ბოთლებში. უკვე ადვილი მისახვედრია 5 ტონა პირობითად ღვინო, რამდენ ასეულ ათას ბოთლში ჩამოისხმება, რისი პრაქტიკაც მრავალი წლის განმავლობაში უკვე არსებობდა 2004 წლამდე. რაც თავის მხრივ ძალიან უშლიდა მეღვინეობის განვითარებას საქართველოში და პირდაპირ მევენახის ჯიბეს ურტყამდა. მოგვიანებით დაიწყო ბრძოლა ფალსიფიკაციასთან და სახელმწიფომ წამოიწყო სასამართლო დავები ე.წ. "სვანჩკარის", "ქინგმარაულის" და სხვა მახინჯი დასახელების წარმომავლობის დასახელებების მწარმოებლებთან. მაშინ როდესაც ქართული ღვინოები რუსეთში „დიდი წარმატებით" იყიდებოდა, ყურძენი რაჭაში მაქსიმუმ 3 ლარი ღირდა. შემდეგ იყო რუსული ემბარგო. სანიტარმა ონიშენკომ სწორედ ის ფალსიფიკაცია დაიდო საფუძვლად, რაც რუსეთის ტერიტორიაზე ხდებოდა, ნაწილობრივ ვაღიაროთ, რომ ჩვენთანაც. ასეთი პრაქტიკის არსებობის შემთხვევაში, რატომაა გამორიცხული, რომ სულ მალე ისევ ისეთი ბედი არ გაიზიაროს ქართულმა მეღვინეობამ, რაც 2006 წელს რუსული ემბარგოს სახით? თუ ახლა სხვა რუსეთია? თუ ახლა რუსეთი უკვე "ჩვენი მეგობარია"?"- კითხულობს ყოფილი გუბერნატორი და დასძენს, რომ ის კომპანიები, რომლებიც რაჭაში საკმაოდ ძვირად ყიდულობენ ყურძენს, შემდგომ ემბარგოს პირობებშიც კი მას საკმაოდ ძვირად გაყიდიან.
„მაგრამ აქ სხვა ნაღმია ჩადებული. რის ფასად დაუჯდება ქვეყანას ყურძენზე მაღალი ფასი და რუსეთის ბაზარი? ნუთუ ჩვენი დაკარგული ტერიტორიების სანაცვლოდ თუ საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ? ფაქტია, რომ თუ რუსეთის გათვლა იმაზეა, რომ ახლა ქართველი მევენახე ასეთი მაღალი შემოსავლის მიღების შემდეგ, მის მთავრობას რუსეთის ემბარგოს შიშით მოსთხოვს ერთ ან მეორე ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას და ჩვენი მთავრობა ამას ბუფერად გამოიყენებს, ეგ არ მოხდება. ჩვენ კარგად გვახსოვს ემბარგოს შემდეგ ქართველმა გლეხმა არ დაიჩოქა და უარი უთხრა რუსეთს მის გეგმაზე- დაეჩოქებინა საქართველო, ასე იქნება მომავალშიც. საქართველოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა ვერ გაიცვლება საქართველოში გადახდილი მაღალი ყურძნის ფასში"- განმარტავს ოთარ სირაძე.