,,დიდი შეცდომა იყო, როცა რუსებმა და ოსებმა ქართული სოფლების დაბომბვა დაიწყეს, საქართველომ მათ ცეცხლი დაუბრუნა", -აცხადებს სამხრეთ კავკასიაში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა "ამერიკის ხმის" ვაშინგტონის ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩაწერა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე ,, რა იყო საქართველოს მთავრობის ყველაზე დიდი სისუსტეები ომამდე და ომის განმავლობაში? ბრაიზა ასე პასუხობს: ,,ომის დროს ის იყო, რომ 7 აგვისტოს, როცა საქართველოს მთავრობა უკვე დარწმუნებული იყო იმაში, რომ რუსეთს ჯარი შემოჰყავდა როკის გვირაბიდან, ქართულმა შენაერთებმა უკან არ დაიხიეს, როგორც ამას ჩვენ ვეუბნებოდით. მეც ამას ვეუბნებოდი, მაშინაც, როცა საგარეო საქმეთა მინისტრ ტყეშელაშვილთან და სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისთან ტელეფონზე ვსაუბრობდით. ჩვენ ქართველებს ვურჩევდით, რომ უკან დაეხიათ და მიეღოთ თავდაცვითი პოზიციები. ამ შემთხვევაში მთელს მსოფლიოს ეცოდინებოდა, რომ რუსეთი საქართველოს დაესხა თავს. დიდი შეცდომა კი ის იყო, რომ მას შემდეგ, რაც რუსებმა და ოსებმა ქართული სოფლების დაბომბვა დაიწყეს, საქართველომ მათ ცეცხლი დაუბრუნა. საქართველოს რომ არ დაეწყო იერიში და დაეხია უკან, ქვეყანა ომის შემდგომ პოლიტიკურ ომს მოიგებდა. ქართველებს დაავიწყდათ, რომ ომი პოლიტიკის გაგრძელებაა. მათ ასევე იფიქრეს, რომ საომარ ოპერაციებში მოიგებდნენ. მათ ამის შანსი არ ჰქონდათ და რომც მოეგოთ, რუსეთს პოლიტიკურ ომს მაინც ვერ მოუგებდნენ. აი ეს იყო კიდევ ერთი დიდი შეცდომა - ეგონათ, რომ ომს მოიგებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საუკეთესო ჯარისკაცები მაშინ ერაყში იყვნენ. ყველაზე დიდი შეცდომა კი ის იყო, რომ სრულიად არასწორად იყო გაგებული ჩვენი განზრახვები. ჩვენ სრულიად გასაგებად ვეუბნებოდით, რომ თქვენ არ ხართ ნატოში, თუ სროლაზე მიდგა საქმე, ვერ დაგეხმარებით. ჩემი პირადი გამოცდილებიდან ვიცი, რომ ომის დროს ზოგიერთ ქართველ მაღალჩინოსანს არ სჯეროდა, რომ ჩვენ სამხედრო დახმარებას არ აღმოვუჩენდით საქართველოს და ეს იმიტომ, რომ ასე ძალიან გვიყვარდა ეს ქვეყანა. ეს გიგანტური შეცდომა იყო. ჩვენ ხშირად გვაკრიტიკებდნენ, რომ საქართველოსთან ძალიან თბილი დამოკიდებულება გვქონდა, რომ ზედმეტ მხარდაჭერას ვაძლევდით. მაგრამ ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებებს ქვეყნის არჩეული ლიდერები იღებენ და ამ შემთხვევაში მათ არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს", _აცხადებს ბრაიზა.