"ადგილობრივ მოსახლეობასთან საკითხების შეთანხმების და ერთ ინტერესებში მოყვანის შემთხვევაში ეს პროექტი იქნება განხორციელებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნება შეჩერეული მანამ, სანამ ყველა მხარე არ იქნება კმაყოფილი და ყველა პირობა არ იქნება დაცული,"- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ ხუდონჰესის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით სვანეთის მოსახლეობის მიერ გამოთქმული საწინააღმდეგო მოსაზრებების კომენტირებისას ისაუბრა.
"არ შეიძლება რომელიმე ხელისუფლება რომელიმე ქვეყანაში ზოგადად, ჰესების მშენებლობის საკითხს ეწინააღმდეგებოდეს. სხვა საკითხია რა იქნება ჰესის მოცულობა, რა აქვს მას უპირატესობა, რა აქვს მინუსი, რა ეკონომიკურ შედეგებზე შეიძლება გაგვიყვანოს, რა გარემოს დაცვითი პრბლემები იქმნება, რა არის გარემოზე ზემოქმედების მაჩვენებელი და ასე შემდეგ. ასე რომ, თითოეული ჰესი უნდა იყოს ცალ-ცალკე დახასიათებული და არა ისე, რომ ხელისუფლება ეწინააღმდეგება თუ არა. ხუდონჰესთან დაკავშირებით ხელისუფლებას აქვს ამჟამად გარკვეული მოსაზრება და ეს სწორად მიმაჩნია. იმიტომ, რომ ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ენერგეტიკულ სფეროში დიდი წინსვლა იქნება ქვეყანაში. თუმცა ბუნებრივია, არსებობს გარემოს დაცვითი პრობლემები და მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. ამის შეზავების, ამის შეთანხმების და ერთ ინტერესებში მოყვანის შემთხვევაში ეს პროექტი იქნება განხორციელებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნება შეჩერეული მანამ, სანამ ყველა მხარე არ იქნება კმაყოფილი და ყველა პირობა არ იქნება დაცული,"- განაცხადა დავით საგანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ხუდონჰესის მშენებლეობის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" დილიდან ჯერ "ხუდონჰესის" პროექტის განხილვა მიმდინარეობდა, შემდეგ კი შეხვედრის მონაწილეები სიტყვით გამოდიოდნენ და საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებდნენ.
შეხვედრის დასასრულს, როდესაც მშენებლობის მოწინააღმდეგეები სიტყვით გამოდიოდნენ, მათ მიმართ რეპლიკები გაისმა, რასაც დაპირისპირება და სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები აცხადებდნენ, რომ სვანეთში გიგანტური ჰესის მშენებლობა არ შეიძლება, რადგან ის გამოიწვევს სოფლების დატბორვას და ისტორიული ადგილების განადგურებას. ამას ეწინააღმდეგებოდნენ პროექტის მომხრეები, რამაც ხმაური გამოიწვია.
ხუდონჰესის მშენებლობის საკითხის განსახილველად საჯარო დისკუსია ჯერ სვანეთში, გუშინ კი, თბილისში გაიმართა. საკითხი ჯერ ბოლომდე არ გადაწყვეტილა.
ცნობისთვის, ხუდონჰესის მშენებლობის გამო სვანეთში დაახლოებით 200 ოჯახს, 800-მდე ადამიანს მოუწევს განსახლება. კომპანია "ტრანსელექტრიკმა" 2012 წელს წინასწარი აღწერა და კვლევა ჩაატარა. კომპანიის ინფორმაციით, განსახლება მოხდება შემდეგი დასახლებული პუნქტებიდან: ხაიში, გაღმა ხაიში, ლუხი, ქვედა წვირმინდი, ლარჯა, ტობარი და ლავხორალი.
გარდა ამისა, ზემოქმედების ქვეშ ექცევა ხაიშის ტერიტორიაზე არსებული წმინდა გიორგის ეკლესია და საფლავები, ასევე სხვადასხვა ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება სწორედ ამ ეკლესიას და საფლავებს, როგორც კომპანიაში ამბობენ, ადგილმონაცვლეობა განხორციელდება თემებისა და ეკლესიის წარმომადგენლებთან კონსულტაციების საფუძველზე და საქართველოში მოქმედი დებულებების თანახმად.
უშუალოდ საფლავებს რაც შეეხება, მათ გადაადგილებამდე დაგეგმილია იდენტიფიცირება და გარდაცვლილების უახლოესი ნათესავების ავტორიზაცია. ამოუცნობი საფლავებისთვის კი შემუშავდება სპეციალური პროცედურა თემთან და ეკლესიასთან კონსულტაციის საფუძველზე. განხორციელდება საეკლესიო წესებით გათვალისწინებული ნებისმიერი პროცედურა. კომპანიის წარმომადგენლები აპირებენ, რომ ახალი საფლავების იდენტიფიცირება თემის წევრებთან კონსულტაციის საფუძველზე მოხდეს.
რაც შეეხება ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს, მათ შორის არარეგისტრირებულ მიწებს კომპანია აპირებს, რომ სრული კომპენსაცია გასცეს კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებზე და მათზე განლაგებულ ადგილებზე. მათ შორის არარეგისტრირებულ ქონებაზეც. კომპანია უფასოდ გაუწევს ადგილობრივ მოსახლეობას დახმარებას, რომ დაირეგისტრირონ კერძო საკუთრებაში არსებული და ზემოქმედების ქვეშ მოყოლილი მიწის ნაკვეთები.
ინვესტორი კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ჩატარებული წინასწარი კონსულტაციის შედეგად მოსახლეობის უმეტესობა დაინტერესებულია, რომ მიიღოს კომპენსაცია ნაღდი ფულით და საცხოვრებლად გადავიდეს მათ მიერ შერჩეულ ადგილზე. კომპენსაცია მიწაზე, შენობა-ნაგებობებზე და ხეებზე გაიცემა მათი აღდგენითი ღირებულებით, ხოლო აღნიშნულს ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტები.
ამასთან, კომპანიის ინფორმაციით, მთავრობამ კომპანიას სიმბოლურ ფასად, 1 აშშ დოლარად გადასცა პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სახელმწიფო მიწა და საბჭოთა კავშირის დროინდელი ნაგებობები, თუმცა მშენებლობის დასრულების შემდეგ კომპანია აპირებს, რომ სახელმწიფოს უფასოდ დაუბრუნოს ის მიწის ნაკვეთები, რომელთა გამოყენებაც აღარ იქნება საჭირო ჰესის ექსპლუატაციისთვის..