"კანონის გამკაცრების შემდეგ დავაკვირდებით ტენდენციას და სასჯელის სხვა ფომრბზე შემდეგ ვიმსჯელებთ,"- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ცრუ შეტყობინებისთვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე დეპუტატების მიერ
პირველი მოსმენით მხარდაჭერილი ახალი კანონის კომენტირებისას ისაუბრა.
"ამ კანონის გამკაცრება არის ამის ერთ-ერთი პრევენცია და სწორედ ამის გამო გავამკაცრეთ ცრუ შეტყობინებებისთვის დასჯადობა, როდესაც საქმე ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას ეხება. ასევე პრევენციაა ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველა პირი გამოავლინა, ვინც დაკავებულია ამ კანონდარღვევით. ორივე გზა არის პრევენციული. ჩვენ დავაკვირდებით როგორი იქნება სამომავლო ტენდენცია და რამდენად არის ეს კარგი ფორმა და ამის სემდეგ ვიმსჯელებთ სხვა ფორმებზე,"განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებაზე პასუხისმგებლობის გამკაცრების ინიციატივას 89 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 89 ხმით ერთხმად - პარლამენტმა პირველი მოსმენით "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატანი ცვლილებები მიიღო. ცრუ შეტყობინებებთან დაკავშირებით მკაცრდება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიც".
არნიშნული პროექტის თანახმად, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება დაისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი, ერთიდან ორ წლამდე ვადით, ან ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. თუკი აღნიშნული ქმედება დამამძიმებელ გარემოებებში იქნება ჩადენილი, სანქცია თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან შვიდ წლამდე იქნება განსაზღვრული.
ამასთან, დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა "112"-ის არამიზნობრივი გამოყენებისთვისაც. ამ მიმართულებით კი სპეციალური მუხლი "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს" ემატება. კერძოდ, "112"-ის გამოყენება შეტყობინების მიმღები პირისთვის შეურაცხყოფის მიყენების მიზნით ან სხვა შეურაცხმყოფელი განცხადებების გასაკეთებლად, ასევე, აღნიშნული ნომრის არამიზნობრივი სისტემატური გამოყენება გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის ერთსა და იმავე მოვლენასთან დაკავშირებით, გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. წლის განმავლობაში აღნიშნული ქმედების განმეორება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებებით, "112"-ის გამოყენება გადაუდებელი დახმარების მოთხოვნის მიზნით, ცრუ შეტყობინების განსახორციელებლად, რომელსაც შედეგად მოჰყვა შესაბამისი ექსტრემალური სამსახურის მიერ შემთხვევის ადგილზე გასვლა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. წლის განმავლობაში აღნიშნული ქმედების განმეორება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღე-ღამემდე ვადით.
კანონმდებლობით სანქციების გამკაცრების პარალელურად, ზუსტდება, რომ "112"-ის არამიზნობრივი სისტემატური გამოყენება გულისხმობს ერთი და იმავე პირის მიერ აღნიშნულ ნომერზე უწყვეტი ერთი საათის განმავლობაში ათი ან მეტი შეტყობინების განხორციელებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეტყობინების ინიციატორი აზუსტებს, ავსებს ან აკონკრეტებს გადაუდებელი დახმარების საჭიროებასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.