ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში დაღუპული მაღაროელების ოჯახის წევრები სახელმწიფოსგან კომპენსაციას მიიღებენ.
ამის შესახებ ჟურნალისტებს იმერეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულმა ლაშა მაქაცარიამ განუცხადა.
ამასთან, მისი განმარტებით, სახელმწიფო აანაზღაურებს აფეთქების შედეგად დაშავებული ბესო ზოსიაშვილის მკურნალობის ხარჯებსაც, რომელიც ამჟამად ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრშია მოთავსებული.
შეგახსენებთ, რომ აფეთქება ტყიბულის მაღაროში დღეს გამთენიისას მოხდა, რის შემდეგაც 72 წლის ჯუმბერ ჯიშიაშვილი, 67 წლის მიზდონ ონიანი, 54 წლის გიორგი ბრეგაძე და 29 წლის მურმან კუბლაშვილი დაიღუპნენ.
შემთხვევის ადგილზე იმყოფება ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი პავლე კუბლაშვილი და პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, რომლებიც ვითარებას ადგილზე გაეცნობიან, შემდეგ კი დაშავებულს საავადმყოფოში მოინახულებენ.
მაღარო კომპანია "საქნახშირს" ეკუთვნის, რომელიც "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" შვილობილი კომპანიაა.