აჭარაში ციტრუსის შემფუთავი და დამხარისხებელი საწარმოების მშენებლობის სურვილი 18 კომპანიამ გამოთქვა, საიდანაც შესაბამისმა კომისიამ 12 კომპანიის ბიზნესწინადადება მოიწონა. მათ უფლება მისცა საწარმოები ააშენონ და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების სეგმენტში ოპერირება დაიწყონ. საუკეთესო წინადადების მქონე პრეტენდენტებს ობიექტი საკუთრებაში, სიმბოლურ ფასად გადაეცემათ.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურში, რომელიც რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 27 ივლისს გამოაცხადა, განაცხადების მიღების ვადა 2 აგვისტოს ამოიწურა.
სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთსა და ხელვაჩაურში ციტრუსის შემფუთავი/დამხარისხებელი ან/და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ტარის წარმოების სურვილი ოფიციალურად 18 კომპანიამ დააფიქსირა.
სამინისტროს ინფორმაციით, საკონკურსო 17 ობიექტიდან 3 ობიექტზე კომისიაში განაცხადი არ შესულა. „კომისიაში განსახილველად სულ 18 განაცხადი შემოვიდა, რომელთაგან კომისიამ 13 განაცხადს ხარვეზი დაუდგინა და განმცახდებლებს ხარვეზის გასასწორებლად 2013 წლის 6 აგვისტოს 11 საათამდე ერთი სამუშაო დღიანი ვადა მიეცათ. ამის შემდეგ, კომისია წარმოდგენილი განცხადებების გაანალიზების მიზნით, ხელახლა შეიკრიბა და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, კომისიის გადაწყვეტილებით, 12 ობიექტზე დაინტერესებულ პირებს პირდაპირი მიყიდვის თაობაზე გაეწიათ შესაბამისი რეკომენდაცია, ხოლო 2 ობიექტზე განაცხადზე კომისიამ რეკომენდაცია არ გასცა.
კომისია თავის რეკომენდაციას, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ა.რ. მთავრობას გადაუგზავნის, რის შემდეგაც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დაიწყებს პირდაპირი მიყიდვის შესახებ შესაბამის პროცედურას"- განუცხადეს სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის პირობების მიხედვით, უკვე კონკურსში გამარჯვებული ინვესტორი ვალდებულია რეგიონში, 2013 წლის 1 ნოემბრამდე, არანაკლებ 3 ტ./სთ. წარმადობის საწარმო აამოქმედოს.
იმავდროულად, საწარმოს ამოქმედების პერიოდისათვის, საწარმოს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 2 ტ. ტვირთამწეობის ავტომტვირთავი, ელქტროსასწორი და პნევმატური ურიკა. ინვესტორმა საწარმოს პროფილი 20 წლის განმავლობაში უნდა შეუნარჩუნოს.
როგორც საკონკურსო პირობებში იყო განმარტებული, პრიორიტეტი მიენიჭებოდა იმ წინადადებებს/განცხადებებს, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ტარის წარმოების ვალდებულებას აიღებდნენ.
ის ობიექტები, რომელიც ინვესტორს სიმბოლურ ფასად გადაეცემა და სადაც ინვესტორმა სამომავლოდ საწარმო უნდა მოაწყოს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში მდებარეობს: ახალსოფელი, თხილნარი, მახო, ერგე, ორთაბათუმი, ახალშენი და განთიადი;
ქობულეთის მუნიციპალიტეტში კი შემდეგ სოფლებში: დაბა ჩაქვი, აჭარის ქ. N8 (მე-7 რაიონი); საჩინო; ქვედა აჭყვა; ბობოყვათი; კლდიაშვილის ქუჩა (კვირიკე ბობოყვათის გზის გასწვრივ); გვარა; მუხაესტატე; ალამბარი; ზენითი; ქაქუთი.