“ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა განაცხადა, რომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით კრიმინალური დანაშაული მოხდა, გამოც პასუხისმგებლობა დადგა.
ამის შესახებ მან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც “ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს წარადგენდა.
მისი პასუხი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრმა სოფო ხორგუანის კომენტას მოჰყვა. ხორგუანმა თქვა,რომ საკითხი ქალს და თანასწორობას ეხება, რა პრინციპიც მზია ამაღლობელზე არ გავრცელდა.
ამის მაგალითად, ხორგუანმა მარიამ ლაშხის საჩივარი გაიხსენა, რომლის საფუძველზეც ორ აქტივისტ ქალს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ და აღნიშნა, რომ მარიამ ლაშხმა თავის დაცვა შეძლო, მზია ამაღლობელისგან განსხვავებით კი, სახელმწიფო მოხელეებს ბევრად მეტი თმენის ვალდებულება გააჩნიათ.
„აჭარაში ერთი შუახეველი მებრძოლი ქალია, რომელიც ასლან აბაშიძის რეჟიმის დროს იბრძოდა. ეს ქალი იბრძოდა შევარდნაძის რეჟიმის დროს, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს ის უფლებებისთვის იბრძოდა. რომ არა ეს ქალი, ბევრი ვერ გაიგებდა როინ შავაძის მკვლელობის შესახებ. შემდეგ ეს ქალი ამხელდა და “ქართული ოცნების“ დროს არსებული კორუფციული სქემების შესახებ საუბრობდა, რაც დადასტურდა. კორუფციის არსებობა რეალურად დადასტურდა. ახლა ეს ქალი ციხეშია, რადგან მან საკუთარი ღირსების დაცვა სცადა, როდესაც მას პოლიციელმა შეურაცხყოფა მიაყენა. როდესაც პოლიციელის მუნდირის პატივისცემასა და დაცვაზე ვსაუბრობთ, პოლიციელის მუნდირს ყველაზე დიდ შეურაცხყოფას უღირსი და მხდალი პოლიციელი აყენებს“, - განაცხადა სოფიო ხორგუანმა კომიტეტის სხდომაზე.
მისმა სიტყვებმა სხდომაზე კამათი გამოიწვია. ხორგუანს თავდაპირველად რატი იონათამიშვილმა მიმართა და მოუწოდა, რომ მათი პოლიტიკური გუნდის დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებზე მედიასთან ესაუბრა, ამისთვის პარლამენტში ბრიფინგისთვის განკუთვნილი სივრცე გამოეყენებინა, კომიტეტის სხდომაზე კი, კითხვები განსახილველი ინიციატივების ირგვლივ დაესვა.
რაც შეეხება მარიამ ლაშხის პასუხს - მან განაცხადა, რომ “მზია ამაღლობელის მხრიდან დანაშაულს ჰქონდა ადგილი, მან კი საკუთარი საჩივრით როგორც საკუთარი შვილების, ასევე სხვა ბავშვების უფლებები დაიცვას.“
ლაშხმა ამ ორი ფაქტის ერთმანეთთან შედარებას “ძალიან უადგილო“ უწოდა.
რაც შეეხება შედარებებს, ერთია კრიმინალური დანაშაული, რაც ქალბატონ მზიას შემთხვევაში მოხდა. პირველ რიგში, ეს არ იყო სილის გაწვნა, ტკივილი თუ გაწითლება. ეს იყო დამოკიდებულება ინსტიტუციის მიმართ, რის გამოც პასუხისმგებლობა დადგა. რაც შეეხება ჩემს გამოცდილებს, არ ვიცი რამდენად ადევნებდით პოლიტიკურ პროცესებს თვალს, არც ერთხელ და არც ათასჯერ ჩვენს პოლიტიკურ ლიდერებს თმენის ვალდებულების შენარჩუნება არ გასჭირვებია, მაგრამ როდესაც ეს ბავშვებს ეხება, მე როდესაც საჩივარი შევიტანე, ამით არა მხოლოდ ჩემი ბავშვები, არამედ სხვაც დავიცავი. ამით პასუხი გავეცი ქმედებებს, რისი დაკანონებაც სურდათ. ეს ჯაჭვი უნდა გაწყვეტილიყო.
პოლიტიკური ლიდერების მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფასა თუ სხვა დანაშაულზე, თუ საერთაშორისო მაგალითებს გადავხედავთ, აშშ-სა თუ ევროპის წამყვან ქვეყნებში ვნახავთ, რა რეაგირებებია და როგორია გადაწყვეტილებები წლების თუ ჯარიმების მიმართ“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.