თბილისში საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის მიერ ერთობლივად ორგანიზებული აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის დაწყებისადმი მიძღვნილი სემინარი ჩატარდა. მისი მიზანია პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოდგენა და საგზაო-სამშენებლო ინდუსტრიისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიის გამართვა. შეხვედრას ესწრებოდნენ მაღალი რანგის მოხელეები შემდეგი უწყებებიდან: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ასევე არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები.
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული გზატკეცილის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში მოხდება E60 გზის სოფელ აგარისა და სოფელ გომის შემოვლით გზებს შორის არსებული მონაკვეთის განახლება, აღნიშნული მონაკვეთი სოფელ ზემო ოსიაურთან მთავრდება; ასევე, განხორციელდება ნატახტარსა და ხაშურს შორის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად და გზასთან დასაკავშირებლად საჭირო სამუშაოების ჩატარება.
აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს საავტომობილო გზებზე სატრანსპორტო ხარჯების თანდათანობით შემცირებას და გააუმჯობესებს ამ პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებული გზის მონაკვეთზე არსებულ უსაფრთოხების ხარისხს; გარდა ამისა, ეს პროექტი გაზრდის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაძლებლობებს გზების ქსელის დაგეგმარების, მართვის, ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით. პროექტი 2013 წლის 9 მაისს მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა და საქართველოს მთავარი სატრანსპორტო გზის (E60) დაფინანსების სერიებში რიგით ბოლო იქნება.
„აღნიშნული პროექტით დაფინანსებული იქნება ის საქმიანობა, რომელიც ამჟამად მიმდინარე აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული გზატკეცილის მესამე პროექტით დაგეგმილ პოზიტიურ ნაბიჯებს გააღრმავებს და ეს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული გზატკეცილის დასრულებაში წვლილის შეტანით მოხდება. მსოფლიო ბანკი ასევე აგრძელებს საავტომობილო გზების სფეროში მოქმედი დაწესებულებების შესაძლებლობების გაზრდისკენ მიმართული ძალისხმევის მხარდაჭერას. ქვეყნის მთავარ სატრანზიტო გზებზე მგზავრობის დროისა და ხარჯების შემცირება და საგზაო უსაფრთხოების გაზრდა კონკურენტუნარიანობასთან დაკავშირებული ამოცანის შესასრულებლად მიმდინარე სტრატეგიის ორი ძირითადი შედეგი უნდა იყოს". განაცხადა რაშმი შანქარმა, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის მოვალეობის შემსულებელმა.
„გაუმჯობესებული გზის ხარისხის გარდა, ამ გზის მომხმარებლები ასევე თავს აარიდებენ შესაძლო საცობებს (რაც გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული). გარდა ამისა, ისინი უკეთესი საგზაო უსაფრთხოებით და შემცირებული მგზავრობის დროის შედეგად მიღებული ეკონომიითაც ისარგებლებენ", - განაცხადა ჯორჯ ბანჯომ, მსოფლიო ბანკის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული გზატკეცილის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის გუნდის ხელმძღვანელმა.
„ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის სრულად რეალიზაციისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა მაგისტრალის გაუმჯობესების საკითხებში ხაზგასასმელია როგორც ფინანსური მხარდაჭერის, ასევე ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით. გამომდინარე იქიდან, რომ საგზაო სექტორში ინოვაციები საქართველოში ძალიან ნელა მკვიდრდება, მსოფლიო ბანკის მიერ სხვადასხვა ქვეყნებში დაგროვილი გამოცდილება ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პრაქტიკული მნიშვნელობის მქონეა. ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტი არა მხოლოდ შემდგომი დამატებითი მონაკვეთის თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მოწესრიგებას გულისხმობს, არამედ სულ მეტად აახლოვებს აღმოსავლეთს დასავლეთთან და ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას მეტ დატვირთვას ანიჭებს. ვიმედოვნებთ, აღნიშნული პროექტის განხორციელებით საგზაო ინფრასტრუქტურასაც მოვაწესრიგებთ და გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში არსებულ მაჩვენებელსაც გავაუმჯობესებთ", - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ.
ევროპული სატრანსპორტო გზა E60 სიდიდით მეორე ევროპული საგზაო დერეფანია, რომელიც იწყება ქალაქ ბრესტში, საფრანგეთი (ატლანტიკის ოკეანის სანაპირო) და მთავრდება ირკეშტამში, ყირგიზეთის რესპუბლიკა (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზღვართან). საქართველოში E60 იწყება აზერბაიჯანის საზღვართან არსებულ წითელ ხიდთან და მთავრდება შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ფოთის პორტთან, სულ ამ დერეფნის საქართველოში არსებული მონაკვეთი დაახლოებით 392 კილომეტრს შეადგენს.