ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა მაიკლ მარტინმა პარასკევს განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია ინციდენტის შესახებ, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის ირლანდიაში ჩასვლისას ამოუცნობი სამხედრო დრონების გამოჩენას უკავშირდება.
უელსში ბრიტანულ-ირლანდიური საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დეკემბრის ბოლოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართება დრონებთან დაკავშირებული ინციდენტის განსახილველად.
„საკმარისია იმის თქმა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, გაიზარდა აქტივობა კიბერუსაფრთხოების სფეროში, საზღვაო საკითხებთან და დრონებთან დაკავშირებით“, - თქვა მან.
ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ირლანდიაში ზელენსკის ვიზიტის დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფა „განსაკუთრებით კარგად“ წარიმართა.
მარტინმა დასძინა, რომ ეს დრონების წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში გაანალიზდება.
ამავდროულად, მან უარი თქვა კომენტარზე იყო თუ არა რუსეთი ჩართული ინციდენტში და აღნიშნა, რომ თავს შეიკავებს კომენტარისგან, „ვიდრე სრული ანალიზი არ ჩატარდება“.
ცნობისათვის, ირლანდიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პირველ დეკემბერს დუბლინის აეროპორტში დაშვების დროს ოთხმა ამოუცნობმა სამხედრო დრონმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავზე თავდასხმა სცადა.
მედიის ცნობით, დრონების თავდასხმა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან თვითმფრინავი აეროპორტში დაგეგმილზე რამდენიმე წუთით ადრე დაეშვა.