როგორ ფასდება მეცნიერის რეიტინგი? ჩვენს სფეროში ამას საერთაშორისო არენაზე აფასებენ იმ კვლევებით, რომლებიც იძებნება pubmed სისტემაში, როცა შენი გვარი pubmed-ში არც კი იძებნება ან მხოლოდ დაბალრეიტინგულ ქართულ ჟურნალში (ან უკეთეს შემთხვებაში მაქსიმუმ ერთი-ორ სხვა ჟურნალში) თუ გაიელვებს ხოლმე, სხვისი სტატიის კრიტიკა მინიმუმ უხერხულია, - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"სტატიის კრიტიკული ანალიზი ცალკე თემად ისწავლება ეპიდემიოლოგიის კურსის განმავლობაში. სამწუხაროდ, დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოში ამ საკითხის სწავლება ხდება. მას თავისი წესები აქვს და კარგად უნდა იცნობდე ბიოსამედიცინო კვლევის მეთოდებს. მე სტუდენტებს ვასწავლი ხოლმე და თუ ისინი ახლა ამ პოსტს კითხულობენ, წესით დამეთანხმებიან, რომ ძალიან რთულია.
გარდა იმისა, რომ კვლევის მეთოდებს და დიზაინებს ზედმიწევნით უნდა ფლობდე, შენც უნდა გქონდეს რეპუტაციულ ჟურნალებში გამოქვეყნებული, რომ სხვისი სამეცნიერო კვლევის კრიტიკული ანალიზი შეგეძლოს. სწორედ ამ ნიშნით არჩევენ სამეცნიერო სტატიების განხილვისთვის მეცნიერებს ჟურნალების გამომცემლები.
ვიღაც რომ არ შემომიხტეს, შენ რა იციო, თავმდაბლობის გარეშე განვაცხადებ, რომ დოქტორის ხარისხი ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწორედ ამ მიმართულებით მაქვს მიღებული და ცოტა ჭკუა მომეკითხება ბიოსამედიცინო კვლევების დიზაინში და ჩატარება-გამოქვეყნებაში.
როგორ ფასდება მეცნიერის რეიტინგი? ჩვენს სფეროში ამას საერთაშორისო არენაზე აფასებენ იმ კვლევებით, რომლებიც იძებნება pubmed სისტემაში. ამ სისტემაში ერთი ქართული ჟურნალიც არის მოხვედრილი, მაგრამ სამწუხაროდ მისი იმპაქტ ფაქტორი ძალიან დაბალია.
ჰოდა, როცა შენი გვარი pubmed-ში არც კი იძებნება ან მხოლოდ დაბალრეიტინგულ ქართულ ჟურნალში (ან უკეთეს შემთხვებაში მაქსიმუმ ერთი-ორ სხვა ჟურნალში) თუ გაიელვებს ხოლმე, სხვისი სტატიის კრიტიკა მინიმუმ უხერხულია. შენს სპეციალობაში როგორი ხარ, ამას მნიშვნელობა არა აქვს. ამ პოსტში მეცნიერებაზე პრეტენზიის ქონაზე და სხვისი კვლევის კრიტიკაზეა ლაპარაკი", - წერს მაია ბუწაშვილი.
ცნობისათვის, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „ბიბისის“ მასალასთან დაკავშირებით განაცხადა: "ამდენი წელია, მედიცინაში ვარ, არაერთი სტატია წამიკითხავს და არაერთი სტატიის ავტორი ვარ. ჩემს ცხოვრებაში პირველი შემთხვევაა, სადაც ვნახე, რომ სამეცნიერო სტატია იწყება პოლიტიკური მიმოხილვით, ეს ნონსენსია მედიცინაში".