ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ძვირადღირებულ არხებზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის რეკლამირებაზე ამ ეტაპზე, უარს აცხადებს და აქცენტს უფრო დაბალბიუჯეტიან, თუმც ხარისხიან მარკეტინგულ კამპანიაზე აკეთებს.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა უკრაინაში ოფიციალური ვიზიტისას, კიევიდან ხარკოვშიც ჩავიდა, რათა ადგილზე გაეცნოს და პირადად შეეცადოს ხარკოვსა და მიმდებარე ოლქში მცხოვრებნი საქართველოს ტურისტული პოტენციალის უპირატესობაში დაარწმუნოს.
როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" ხარკოვში მყოფმა გიორგი სიგუამ განუმარტა, ხარკოვის ოლქი საკმაოდ მრავალრიცხოვანია და მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციამ ტურისტების დაინტერესება ცენტრის გარდა რეგიონებიდანაც სცადოს, მით უმეტეს, რომ ხარკოვიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები უკვე არსებობს.
„იმის გამო, რომ მარკეტინგული კამპანიის საწარმოებლად საკმაოდ მწირი ბიუჯეტი გვაქვს, ამიტომ ფული მაქსიმალურად ეფექტურად უნდა დაიხარჯოს. ხარკოვი ეს არის 3 მილიონიანი ოლქი, რომელსაც ესაზღვრება ბელგოროდისა და კურსკის ოლქები. საერთო ჯამში კი ეს არის 6 მილიონიანი ბაზარი და ამ 6 მილიონიან მოსახლეობას საერთაშორისო აეროპორტად ხარკოვის აეროპორტი აქვს, ბელგოროდელებიც ხარკოვის აეროპორტიდან დაფრინავენ. ხარკოვის აეროპორტიდან ძალიან ცოტა საერთაშორისო რესი სრულდება. ეს ხალხი თუ საზღვარგარეთ მიდის, ისინი გადაჯდომას კიევის აეროპორტში ახორციელებენ, რაც საკმაოდ ძვირია, რადგანაც შიდა ფრენები უკრაინაში გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე ვთქვათ ხარკოვის აეროპორტიდან საქართველოში გადმოფრინდე. ხარკოვიდან, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გადმოფრინდე ბილეთის საშუალო ფასი 60 დოლარია, მაშინ როდესაც ხარკოვიდან კიევის მიმართულებით ბილეთი გაცილებით ძვირი ჯდება"- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ხარკოვში ვიზიტისას გიორგი სიგუა უკვე შეხვდა ხარკოვის საოლქო საბჭოს თავმჯდომარეს სერგეი ჩერნოვის, რომელიც საქართველოში ხარკოვი-თბილისის ავიარეისის გახსნაზე იმყოფებოდა და რომელმაც ქართულ მხარეს ტურისტების მოზიდვაში დახმარება აღუთქვა.
როგორც გიორგი სიგუა განმარტავს, ის საქართველოში დაბრუნებისთანავე მოლაპარაკებებს დაიწყებს ავიაკომპანიებთან, რათა საქართველოდან ხარკოვის მიმართულებით ავიარეისები გაიზარდოს.
„აუცილებლად დაველაპარაკები სხვადასხვა ავიაკომპანიებს, რათა რეისები დაემატოს ხარკოვიდან თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით"- განმარტავს სიგუა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ხარკოვში საქართველოს ტურისტული სარეკლამო კამპანიის წარმოება, ადმინისტრაციას გაცილებით იაფი დაუჯდება, ვიდრე რეკლამა რომელიმე ძვირადღირებულ არხზე.
„ხარკოვში ჩავატარებთ სარეკლამო კამპანიას, რომელიც გაცილებით იაფი დაჯდება ვიდრე სატელევიზიო რეკლამა, რომელიმე ძვირადღირებულ არხზე. ზოგადად რეკლამა - ადგილობრივი ტელევიზიებით, ქუჩებში ბილბორდებით, ინტერნეტით და ბანერები ტრანსპორტზე აქ უფრო იაფი ჯდება, ვიდრე რეკლამა ძვირადღირებული არხით. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად უკრაინაში ვატარებთ სარეკლამო კამპანიას, ამის გარდა დიდი ყურადღებას დავუთმობთ რეგიონებს. რეკლამა რეგიონებში ძვირი არ ჯდება, თუმც აქვს საკმაოდ კარგი და მაღალი ეფექტი"- აცხადებს სიგუა.
გიორგი სიგუას განმარტებით, 2012 წელს ტურიზმის ადმინისტრაციამ ისრაელში 7 მილიონიანი ბაზრისთვის, სარეკლამო კამპანიისას 1 მლნ დოლარი დახარჯა, ხოლო ხარკოვის ოლქსა და მიმდებარე ოლქებში, ანუ 6 მილიონიანი ბაზრისთვის 200 ათასი დოლარიც საკმარისი იქნებოდა.
„2012 წელს ისრაელში სარეკლამო კამანიისთვის 1 მლნ დოლარი დაიხარჯა. ისრაელი არის 7 მილიონიანი ბაზარი. იგივე კამპანია რაც ისრაელში გაკეთდა უკრაინის რეგიონებში დაახლოებით 200 ათასი დოლარი დაჯდებოდა. კი ისრაელში სარეკლამო კამპანიის წარმოებას საკუთარი დადებითი შედეგი ქონდა, რადგანაც ისრაელიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, მაგრამ უკრაინიდან და მისი რეგიონებიდან გაცილებით მეტი ტურისტის მოზიდვაა შესაძლებელი"- აცხადებს სიგუა.
იმავდროულად, უკრაინელ ტურისტებს საქართველოში სხვა ქვეყნების ტურისტებისგან განსხვავებით უპირატესობებიც აქვთ.
„უკრაინელ ტურისტებს საქართველოში ჩამოსასვლელად არ სჭირდებათ ვიზა და ასევე მათ ჩვენს ქვეყანაში არ აქვთ ენობრივი ბარიერი. ტერიტორიულადაც ახლოს ვართ, მაგალითად ხარკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენა საათნახევარი გრძელდება"- აცხადებს სიგუა.
მისივე განმარტებით, წელიწადში თურქეთში 1,5 მლნ უკრაინელი ტურისტი ისვენებს და მათი საშუალო ხარჯი არის 800 დოლარი და შესაბამისად უკრაინელი ტურისტები დასვენებისთვის საკმაოდ დიდ ფინანსებს ხარჯავენ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უკრაინის რეგიონების გარდა აქცენტს სამომავლოდ სხვა ბაზრების რეგიონებზეც გააკეთებს, თუმც პრიორიტეტების დაგეგმვისას გარკვეულ ფაქტორებსაც გაითვალისწინებს, როგორიცაა პირდაპირი ფრენები და ასევე რა ალტერნატივა აქვს იქაურ მოსახლეობას ტურისტულად.
„ანალოგიური რეგიონალური აქცენტები გვინდა გავაკეთოთ არა მარტო უკრაინაში არამედ ყველა სამიზნე ბაზრებზე. გვინდა, რომ ყველაფერი სწორად გაითვალოს, სადაც მარკეტინგული კამპანიისთვის ფულს დავხარჯავთ"- აცხადებს სიგუა.