თუ გადასახადები იზრდება, ან მცირდება, კანონპროექტს ბიუჯეტის შესაბამის მუხლში ცვლილებაც უნდა ახლდეს - ამის შესახებ სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, „საგადასახადო კოდექსში" შესატან ცვლილებას, რომელიც თამბაქოზე აქციზის გადასახადის ზრდას ითვალისწინებს, კანონმდებლობის შესაბამისად, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში ცვლილებებიც უნდა ახლდეს. კალანდაძისთვის გაუგებარია ფინანსთა სამინისტროს პოზიცია, რომელიც დაგეგმილ ცვლილებებს კატეგორიულად უარყოფს. სამინისტრო განმარტავს, რომ უახლოეს პერიოდში ბიუჯეტში ცვლილებები არ იგეგმება.
„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ"კანონის მიხედვით, პროცედურა გადასახადების საკითხებზე ითვალისწინებს, კანონპროექტის თანმხლებად შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური დახასიათების წარდგენას. იმ შემთხვევაში თუ იზრდება გადასახადები, ანუ ბიუჯეტის მოსალოდნელი შემოსავლები იზრდება, კანონსპროექტს შესაბამისი ცვლილება, უფრო ზუსტად ცვლილება ბიუჯეტის შესაბამის მუხლში უნდა ახლდეს.
თუ გადასახადი მცირდება, ანუ მოსალოდნელია ბიუჯეტში რომელიმე გადასახადის მიმართულებით შემოსავლების შემცირება, შესაბამისად შემცირებისკენ დაკორექტირებული ბიუჯეტი შესაბამისი მუხლის მიხედვით თან უნდა ახლდეს კანონპროექტს. ეს არის საკანონმდებლო მოთხოვნა და არის ვალდებულება. თუ აქციზი იზრდება თამბაქოზე, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ აქციზის გადასახადის მუხლში ბიუჯეტის შემოსავლები ავტომატურად გაიზრდება. წარმოუდგენელია, რომ აქციზის გადასახადი გაიზარდოს და შემოსავლები არ გაიზარდოს. ეს არალოგიკურია. მთავრობა, შესაბამის კომიტეტთან ერთად ვალდებულია, რომ წარმოადგინოს შესაბამისი გათვლა, რომელიც თან უნდა დაერთოს კანონპროექტს", - განაცხადა ლევან კალანდაძემ „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ 1-ლი სექტემბრიდან თამბაქოზე აქციზის გადასახადი იზრდება, რაზეც ცვლილება „საგადასახადო კოდექსში" შევა. კანონპროექტის მიხედვით, აქციზის გადასახადი ფილტრიან სიგარეტზე იზრდება 15 თეთრით, ხოლო 5 თეთრით უფილტრო სიგარეტზე.