თამბაქოზე აქციზის ზრდას, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაც ითვალისწინებს. თუმცა როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი თაბუაშვილმა განმარტა, საქართველომ დაიტოვა უფლება, რომ აქციზის გადასახადის ზრდა მოხდეს ეტაპობრივად. როგორც თაბუაშვილი განმარტავს, ეტაპობრივი ზრდა კი განაპირობა იმან, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცადა, რომ ქართული ბაზარი დაეცვა კონტრაბანდული პროდუქციისგან, რისი შანსიც, მინისტრის მოადგილის თქმით, არის მიზერული.
„ძალიან ფრთხილად მოვეკიდეთ და ვფიქრობთ, რომ თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის ფასის ზრდა ეტაპობრივად მოხდეს, რათა ფასის ზრდამ არ შეუწყოს ხელი მეზობელი ქვეყნებიდან კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანას"- განაცხადა თაბუაშვილმა.
მისივე განმარტებით, დღეისათვის საბაჟო სისტემა საკმაოდ გამართულად მუშაობს და ამიტომ კონტრაბანდის შანსი იქნება მიზერული.
„ამ ეტაპზე საქარველოსა და მეზობელ ქვეყნებში შესადარი აქციზია. საბაჟო სტრუქტურები გამართულად მუშაობენ და ვფიქრობთ, რომ რისკი არის მინიმალური"- აცხადებს თაბუაშვილი.
როგორც ირკვევა, თამბაქოზე აქციზის ზრდის შემდეგ, 2013 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს 25-26 მლნ ლარი დაემატება, თუმც მიუხედავად ამისა მთავრობა ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას და მის კორექტირებას არ გეგმავს. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ამ ეტაპზე ბიუჯეტში ცვლილების შეტანის აუცილებლობა დღისწესრიგში არ არის.
აქციზის ფასის ზრდა ინვესტიციების შემოდინებას არ შეანელებს - მიიჩნევენ ფინანსთა სამინისტროში. გიორგი თაბუაშვილის თქმით, თამბაქოს ინდუსტრიაში ინვესტიციის ჩადებას ხელს არ შეუშლის, რადგან კომპანიებთან შეხვედრა უკვე შედგა და მათი მხრიდან ინვესტიციების შეჩერების საშიშროება არ გამოთქმულა.
შეგახსენებთ, რომ 1-ლი სექტემბრიდან თამბაქოზე აქციზის გადასახადი იზრდება, რაზეც ცვლილება „საგადასახადო კოდექსში" შევა. კანონპროექტის მიხედვით, აქციზის გადასახადი ფილტრიან სიგარეტზე იზრდება 15 თეთრით, ხოლო 5 თეთრით უფილტრო სიგარეტზე.