ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის სტატისტიკის მეთოდოლოგიის გაუმჯობესებაზე მუშაობს, აღნიშნულის შესახებ განცხადება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ გააკეთა. სიგუას განმარტებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების აღრიცხვისას ყოველთვის ხელმძღვანელობდა (UNWTO) გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციებით, სადაც მკაფიოდ არის გამიჯნული ცნებები: საერთაშორისო მოგზაური, ვიზიტორი და ტურისტი.
„წარსულში კრიტიკის მთავარი მიზეზი სწორედ საზოგადოების ტურიზმის სფეროში არსებულ ტერმინებში გაუთვითცნობიერება იყო. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის განმარტებით „მოგზაური არის ფიზიკური პირი, რომელიც გადაადგილდება მიზნის, გადაადგილების საშუალების და ხანგრძლივობის მიუხედავად." ხოლო „ტურისტი ფიზიკური პირი, რომელიც ნებაყოფლობით მოგზაურობს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ფარგლებს გარეთ, დასვენების, გაჯანსაღების, საქმიანი ან სხვა მიზნით, არანაკლებ 24 საათის (უნდა რჩებოდეს ღამისთევით) და არა უმეტეს ერთი წლის ვადით და რომლის მოგზაურობაც არ ანაზღაურდება დროებითი ყოფნის ადგილის საფინანსო წყაროებიდან."
ტურიზმის ეროვნული ადმინსიტრაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა, რომლის მიღება ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრიდან, არის საერთაშორისო მოგზაურების და არა ტურისტების დინამიკა. თუმცა შესაძლოა ტურისტების რაოდენობის გამოყოფაც. მაგალითად გასულ წელს მათი რაოდენობა მთლიანი მოგზაურების 41 %-ს შეადგენდა ( და უტოლდებოდა 1 789 592)"- აცხადებს გიორგი სიგუა.
აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს ტურიზმის სტატისტიკის მეთოდოლოგიის გაუმჯობესებაზე GIZ-ის დახმარებით დაიხვეწა კვლევის მეთოდოლოგია, მიმდინარეობს სტატისიტკის წარმოების სტრატეგიის შემუშავებაც. ამასთან ტურიზმის ეროვნული ადმინსიტრაცია მონაწილეობს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ტრენინგებში და არის ხსენებული ორგანიზაციის ტურიზმისა და სატელიტური ანგარიშების კომიტეტის წევრი.