თბილისი - ექსპერიმეტული ხელოვნების საწყისი წერტილი
სიმართლე ითქვას, კრეატიული და თანამედროვე ხელოვნებით "გაგრილება" ახლა პირდაპირ გამოწერილია ჩვენთვის. განსაკუთრებით ბნელად შთამაგონებული მაისის ვნებების შემდეგ. შესაძლოა, თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების პირველი სამხრეთკავკასიური ფესტივალი ასეთი "არტ-მრევლისთვის" არც გახდეს განსაკუთრებული სულიერი ტრანსფორმაციის მიზეზი, მაგრამ მცდელობა მაინც საპატიოა. გასულ კვირაში ფესტივალის დასკვნითი აკორდი მის ერთგვარ ეპიცენტრში, სამეფო უბის თეატრში აჟღერდა.
სამხრეთკავკასიური ფესტივალის საქართველოში ჩატარების იდეა ჯერ კიდევ გასულ წელს გაჩნდა. მის ინიციატორი და ორგანიზატორია თანამედროვე ქართული და ევროპული არტით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაცია "პლატფორმა ცვლილებებისთვის". მთავარი გზავნილი კი ექსპერიმენტული ხელოვნების განვითარება და სამხრეთ კავკასიაში ახალი შემოქმედებითი პლატფორმის შექმნა. არანაკლებ კეთილშობილურად ჟღერდა ფესტივალის მიზნებიც: "კულტურის მნიშვნელობის ხელახალი გააზრება სოციალური და პოლიტიკყრი ცვლილებების კონტექსტში; კულტურის როლის გაძლიერება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და თანამედროვე ხელოვნების ინოვაციური პროექტების გაღმავება-წახალისება.
ფესტივალის პროგრამა აერთიანებდა ორ ძირითად მიმართულებას - თანამედროვე ცეკვასა და ექსპერიმენტულ ხელოვნებას. „პლატფორმის" პირველ შედეგებს შემოდგომაზე შევაფასებთ, მანმდე კი პირველი შედეგები შეიძლება შეაჯამოთ. უმთავრესი აქცენტი თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების პროგრამაზე იყო გადატანილი, რომელშიც მონაწილეობას ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი, ფრანგი, ავსტრიელი და ხორვატი მოცეკვავეები და ხელოვანები ღებულობდნენ. პარალელურად გაიმართა სტრიტ არტ-გრაფიტის"დღეები, რომლის ფარგლებში თბილისის იპოდრომის ტერიტორიაზე სომეხმა, ქართველმა და აზერბაიჯანელმა მხატვრებმა იპოდრომის ტერიტორიაზე მებარე ახალი გვირაბი მოხატეს.
ფესტივალის მხარდამჭრია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო და თბილისის მერია. ხოლო პარტნიორია ევროპის სახლი, სადაც გაიმართა დისკუსია თანამედროვე ქორეოგრაფიისშესახებ. "თანამედროვე ცეკვა მრავალი ჟანრის გამაერთიანებელი და ამავდროულად, რთულად მოსახელთებელი ხელოვნებაა. ქორეოგრაფიული ენის ნაზავი, რომელიც ამ ფესტივალზეა წარმოდგენილი, ბევრი ფაქტორითაა განპირობებული. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მთვარია საზოგადოების მზადყოფნა და სურვილი, რომ ამგვარი ექსპერიმენტის აზრი და მნიშვნელობა გაიაზროს და მას მხარი დაუჭიროს" - აღნიშნავს ფესტივალის სტუმარი, ცნობილი კრიტიკოსი და ექსპერტი ეკატერინა ვასენინა. ამავე დროს, ის არის საინტრესო წიგნის, "თანამედროვე ცეკვა პოსტ-საბჭოთა სივცეში", ავტორი.
ფესტივალმა ერთგვარი ბიძგი მისცა თანამედროვე ქორეოგრაფებს, ახლებურად გაიაზრონ საკუთარი კულტურის ტრადიციები და განავითარონ კიდეც სოციალური გარემოს შთაგონებით თუ გათვალისწინებით. თბილისის ფესტივალი მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის - სომხეთის, აზრებაიჯანისა და საქართველოს მრავალფეროვანი და ტრადიცული კულტურის გათვალისწინებითაც. სწორედ ტრადიციები და მათი ხელახლი გააზრება შეიძლება იქცეს წყაროდ შთაგონებისთვის. ისევე როგორც, ავთენტური კულტურული მასალა ორიგინალურად გამოყეებისთვის. სამწუხაროდ, Contemporary dance, ანუ თანამედროვე ცეკვა (როგორც მას ევროპაში უწოდებენ), კავკასიითვის ჯერ კიდევ ეგზოტიკური ხილია. თუმცა სწორედ ეროვნულ კულტურაზე დაფუძნებული მოდერნიტული ხელოვნება შეიძლება გახდეს კავკასიითვის ევროპულ სივრცეში დასანმკიდრებელ "სავიზიტო ბართად"
ფესტივალის პროგრამა საკმაოდ დატვირთული და საინტერესო გამოდგა. მაგალითად, ევროპულ თანამედროვე ცეკვასთან მხოლოდ შორეულად ნაზიარევმა სომეხმა მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა რიმა პაპიანმა დანტეს "ახალი ცხოვრების" მოხედვით წარმოდგენილი სულ რაღაც ნახვერ სათში ჩაატია. ოთხი მოცეკვავის მოკრძალებული შესაძლებლობები კომპენსირებული იყო გარკვეული თავდადებითა და ორიგინალური მოძრაობებით. პლუს ცნობილი კომპოზიტორის, ფილიპ გლასის მინიმალიზმი. გაცილებით უფრო თამამი და ოდნავ პროვიკაციული აღმოჩნდა აზერბაიჯანულ-ავსტრიული პერფორმანსი სახელოწოდებით Greenmax, რომელსაც გაცილებით მეტი რამ აქვს საერთო თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებასთან, ვიდრე საკუთრივ ცეკვასთან. ამ თვალსაზრისით, 40 წუთიანი პერფორმანსი იდეალურად პასუხობდა ფესტივალის დევიზს; მასში თავმოყრილია როგორც ექსპერიმეტული ხელოვნების, ისე თანამედროვე ქორეოგრაფიის დეტალები, თუმცა თავად შემსრულებლეთა ხარისხი არც ისე შთამბეჭდავია.
ვერის ბარში, ღია ცის ქვეშ გაიმართა რეჟისორ ლელა ჭინჭარაულის ახალი პერფორმანსი, რომელშიც ჯგუფი "არბალეტი" და ანსამბლი "ქართველო" მონაწილეობდნენ. ცოცხალი ხალსური მუსიკა, მთის პოეზია და გნათების ეფეტები მხოლოდ კარგი სტიმული აღმოჩნდა მოცეკვავეების წასახალისებლად. ცეკვის შინაარსი და ფორმა კი ტრადიციულ ხალხურ ცეკვის ფარგლებს არ გასცილებია; თუმცა გარკვეული ენერგია და "დრაივი" მაყურებელს ხალისს სძენდა.
საფესტივალო "კავკასიურ სამკუდხედს" ერთგვარად აგვირგვინებდა მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი სახელწოდებით "V & V", რომელშიც სრულიად განსვავებული კომპოზიტორების, გია ყანჩელისა და იანის ქსენაკისის მუსიკაა გარითმული. დაახლოებით 25 წუთიან ქორეო-კომპოზიცის აშკარად სიხლის ძიების კვალი ატყვია. ინტერნაციონალურ მოცეკვავეთა ტრიო - ნინო გოგუა, მანუელ-ალეხანდრო ვეგა და სილვი შქეშბი ნამდვილად კარგი გაკვეთილია თუ როგორ შეიძლება დაიგეგმოს და განხორციელედეს პატარა ქორეოგრაფიული პროექტები. სპექტაკლის მონაწილენი ბალეტის მოყვარულთ შესაძლოა ახსოვდეთ მარიამ ალექსიძის წინა პროექტიდან "ალვა", რომელიც ალბათ, გასული სეზონის ყველაზე საინტრესო ქორეოგრაფიული წარმოდგენა იყო. იმედია ახალგაზრდა ქორეოგრაფი უკვე მომდევნო სპექტაკლში, ახალი და თამამი იდეების განხორციელებას უფრო თამამად შეძლებს.
ვიდრე სამეფო უბნის თეატრში წარმოდგენები იმართებოდა, ევროპის სახლში საინტერესო დებატები გაიმართა საბალეტო ტრადიციების ქვეყნებში თანამედროვე ცეკვისა და პერფორმანისის ხელოვნების განვითარებასა და პერსპექტივებზე. მასში მონაწილეობდა ზაგრებისა და ტოკიოს Queer ფესტივალის დამაარსებელი ზვონიმირ დობროვიჩი, ქორეოგრაფი და მოცეკვევე მარიამ ალექსიძე. აგრეთვე ცნობილი პედაგოგი,ტატიანა ფატეევა, რომელმაც მასტერკლასი გამართა ანამედროვე ცეკვის შესახებ. ფესტივალის დახურვის დღეს ფესტივალის ორგანიზატორებმა "ჩაროზად" შემოინახეს ჟენევის საბალეტო დასის სპექტაკლი Spider Galaxies, რომელიც მართლაც ბრწყინვალე აღმოჩნდა ადგილობრივი, თანამედროვე ქორეოგრაფიის "სიღატაკის" ფონზე. ცნობილი ქორეოგრაფის, ჟილ ჟობერის ოპუსით ვიმედოვნებთ, რომ "სიბნელეში ტაბურეტებით მოცეკვავეთა" დრო დასრულებულია და ახლა, მზისგულზე, თავისუფლად მროკავი კავკასილებიც ამოძრავდებიან. 2012 წლის სექტემბერში ცნობილი ქართველი ქორეოგრაფის, ბალეტმეისტერისა და პედაგოგის, გიორგი ალექსიძისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. დეკემბერი კი ექსპერიმენტულ და ნოვატორულ არტს დაეთმობა.
„ჯი-ეიჩ-ენი", დავით ბუხრიკიძე