თბილისის საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქცია-გამოფენა გაიმართა. აქციის ორგანიზატორები კონსერვატიული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი, მწვანეთა პარტიის თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე და ქალთა პარტიის ლიდერი გუგული მაღრაძე იყვნენ.
მომიტინგეებმა თბილისის საკრებულოს 11 სექტემბრის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის თანახმადაც დედაქალაქში არსებულ 47 ბაღს, პარკსა და სხვა გამწვანებულ ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი მოეხსენა.
"ამ გადაწყვეტილებით დაკანონებულ იქნა ზემოთ აღნიშნულ 47 გამწვანებულ ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების მასობრივი განადგურება და მათ ადგილას მშენებლობების წარმოება. საკრებულოს მიერ თბილისის ბაღ-პარკებისა და სხვა გამწვანებული ტერიტორიების სამშენებლო პოლიგონად გადაქცევის დაკანონება წარმოადგენს დანაშაულებრივ და კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებას. ის თბილისს ეკოლოგიურ კატასტროფას უქადის და არღვევს მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებას იცხოვრონ ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში",- განაცხადა ჩხარტიშვილმა.
მისივე განმარტებით, საკრებულოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ხელი გაუხსნას უგულავა - სააკაშვილის მფარველობით მოქმედ ოლიგარქიულ სამშენებლო მაფიას, რომლებიც ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარჯზე იღებს კოლოსალურ ფინანსურ მოგებას.
"ჩვენ ვგმობთ თბილისის ეკოლოგიური გარემოსა და შესაბამისად თბილისის მოსახლეობის ჯანმრთელობის განადგურებისაკენ მიმართულ ქმედებათა კასკადს, რომელებიც ხორციელდება სააკაშვილისა და უგულავას, ახლა უკვე სამადაშვილისა და საკრებულოს უმრავლესობის წევრთა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად. ასევე ვაცხადებთ, რომ კვლავ გავაგრძელებთ ბრძოლას თბილისის ბაღ-პარკებისა და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის გადასარჩენად.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოვითხოვთ: გაუქმებულ იქნას საკრებულოს 2009 წლის 11 სექტემბრის შესაბამისი გადაწყვეტილება, შეჩერდეს ''დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის" მოქმედება და ამ დოკუმენტის ხელახალ დამტკიცებამდე, საკრებულომ უზრუნველყოს სრულფასოვანი და კანონმდებლობის შესაბამისი საზოგადოებრივი განხილვების ორგანიზება, რომელშიც მონაწილეობის მიღების საშუალება ყველა ექსპერტსა და საზოგადოების სხვა დაინტერესებულ წარმომადგენელებს ექნება.