რუსეთის, ქალაქ ბელგოროდზე 30 აგვისტოს განხორციელებული დარტყმის შედეგად ბელგოროდის თბოელექტროსადგურსა და Ozon-ის საწყობებში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ შუვაევმა განაცხადა, რომ ქალაქზე უკრაინის დარტყმის შედეგად რამდენიმე ადგილზე ხანძარი გაჩნდა და არიან დაშავებულები, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმის შემდეგ თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე საწვავის ავზები და რამდენიმე შენობა იწვის. დარტყმის ქვეშ მოექცა „ესტეიტ ლოჯისტიკის“ ორ საწყობიც, რომელსაც Ozon-ი ლოგისტიკურ ცენტრებად იყენებდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტის გამო ბელგოროდის ოლქში Ozon-ის მიწოდების სერვისი შეფერხდა და რეგიონში კომპანიის ყველა პუნქტი დროებით მიუწვდომელია.
Ozon-მა ბელგოროდში მის ლოგისტიკურ ცენტრზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
„თავდასხმის შედეგად დაზიანდა ჩვენი დახარისხების ცენტრი და ბელგოროდის მიწოდების ჰაბი. თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. წინასწარი ინფორმაციით, სამწუხაროდ, არიან დაშავებულები. ბელგოროდსა და ოლქში შეკვეთების მიღებასა და მიწოდებას დროებით ვერ ვახორციელებთ,“ - აცხადებენ კომპანიაში.