შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის გამო, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა უქმდება. ამის შესახებ პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, უქმდება, როგორც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, ასევე დაანონსებული რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.
როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, მიმდინარეობს მსჯელობა, რომ კვლავ გაერთიანდეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები.
"მსჯელობა მიდის და სავარაუდოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანება მოხდება. მგონი, თავიდანვე ითქვა, რომ ის ამოცანები, რომლებიც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის სახით პრემიერ-მინისტრმა მამუკა მდინარაძეს დააკისრა, იყო მისი პირადი შესაძლებლობებიდან გამომდინარე და მან ეს ფუნქცია ძალიან კარგად შეასრულა, ეს სისტემა კარგად არის აწყობილი. იყო სურვილი, რომ კოორდინაციის თვალსაზრისით, იგივე რეგიონული მიმართულებითაც გაკეთებულიყო. იქიდან გამომდინარე, რომ მამუკა მდინარაძემ მიიღო გადაწყვეტილება, პოლიტიკიდან წასულიყო, ეს საჭიროება აღარ დგას. ამ თანამდებობის შექმნა სწორედ მამუკა მდინარაძის შესაძლებობებიდან გამომდინარე იყო ჩაფიქრებული. ამას პოლიტიკური გამოცდილება სჭირდება, რაც განსაკუთრებულად მამუკა მდინარაძეს ჰქონდა. სამართალდამცავი უწყებების მიმართულებით მისი საქმიანობა ამის ყველაზე კარგი დასტურია. რა თქმა უნდა, ამ პოსტის შექმნა მამუკა მდინარაძის გამოცდილებიდან, წონიდან და ცოდნიდან გამომდინარე იყო ჩაფიქრებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
27 აგვისტოს მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.