პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, კონსტანტინე გამსახურდიას, გარდა ოპოზიციის ორ წარმომადგენელთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუმცა მათი ვინაობა ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. ამის შესახებ განცხადება ჯონდი ბაღათურიამ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
როგორც ბაღათურია აღნიშნავს, ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია ამ პირების დასახელება, თუმცა იმედოვნებს, რომ კონსულტაციები წარმატებით დასრულდება.
რაც შეეხება კონსტანტინე გამსახურდიას გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, ბაღათურია დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ მას ოპოზიციის სხვა ლიდერებმაც უნდა მიჰბაძონ. ბაღათურია აღნიშნავს, რომ "არასაპარლამენტო ოპოზიციის ზოგიერთ ლიდერს პარლამენტში შემოსვლა სურს, თუმცა ამისთვის გამბედაობა არ ჰყოფნის და იმ ლიდერს, რომელიც დეპუტატის მანდატს იღებს, ლანძღავენ", - განაცხადა ბაღათურიამ.
ბაღათურია მიიჩნევს, რომ თუკი გამსახურდია მამის სიკვდილის ფაქტის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე იქნება, ეს ინტერესთა კონფლიქტს არ ნიშნავს. იგი იმედოვნებს, რომ ეს საკითხიც დადებითაც გადაწყდება.