საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ბიძინა ივანიშვილის უშიშროების საბჭოს სხდომაზე არ მისვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი აქტიურად მუშაობს იმ საკითხებზე, რომელიც უშიშროების დღევანდელ სხდომაზე განიხილება. როგორც ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომის დღის წესრიგში არ არის შეტანილი სოფელ დიცთან განვითარბეული მოვლენები და დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ მხოლოდ ISAF-ის ოპერაციაში ქართველი სამხედროების მონაწილეობასა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო კადრებს.
„პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას რაც შეეხება, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით პრემიერი აქტიურად მუშაობს. იგი ქმედით ღონისძიებებს ახორციელებს ყველა იმ მიმართულებით, რომელიც არის სახელმწიფო ინტერესში. ხოლო ამ კონკრეტულ საკითხებზე სასაუბროდ უშიშროების საბჭოს სხდომაზე მივდივართ ის მინისტრები ვისაც ეს საკითხები პირდაპირ ეხება. აქედან გამომდინარე ჩვენ ვნახავთ რამდენად ქმედითუნარიანია ეს საბჭო, რომელიც ბოლო რვა თვის განმავლობაში არ შეკრებილა", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე არ მიდის იმის გამო, რომ დღის წესრიგში განსახილველი საკითხები არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, სადაც პრემიერის დასწრება აუცილებელია.