"ქრისტიან-დემოკრატები" შრომის კოდექსთან დაკავშირებით სამუშაო პროცესში ჩართვაზე მზადყოფნას აცხადებენ. ამასთან დაკავშირებით განცხადება `ქრისტიან-დემოკრატების~ წარმომადგენელმა მაგდა ანიკაშვილმა დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის იმ ინიციატივასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც `შრომის კოდექსში~ ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.
მისი თქმით, მისი პოლიტიკური მოძრაობა მზად არის, ამ პროცესში ჩაერთოს და მთავრობის მიერ მისაღები ცვლილებების წარმოდგენის შემთხვევაში, საკუთარ ინიციატივაზე უარი თქვას.
ანიკაშვილის თქმით, "ქრისტიან-დემოკრატები~ მიესალმებიან, რომ ოპოზიციური პარტიების, პროფკავშირების, საერთაშორისო ორგანიზაციების და საზოგადოების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ~შრომის კოდექსის~ გადახედვის ტაბუდადებულ თემაზე მთავრობამ მოლაპარაკება დაიწყო.
ანიკაშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია `ქრისტიან-დემოკრატების~ მიერ შემუშავებული `შრომის კოდექსში~ შესატანი ცვლილებების პროექტი, თუმცა როგორც ანიკაშვილი აცხადებს, მათთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება კანონპროექტის ავტორი, მთავარია ევროკავშირის რეკომენდაციები და პრინციპები დაცული იყოს.
მან ხაზი გაუსვა იმას, რომ შრომითი კანონმდებლობის დაბალანსება და დასაქმებულთა ინტერესების დაცვა არის ქვეყნის განვითარების და ევროინტეგრაციის ერთ-ერთი მტავარი პირობა.
ალექსანდრე კვიტაშვილი შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის ინიციატივით დღეს გამოვიდა. მინისტრის თქმით, ცვლილება, რომელიც შრომის კოდექსის 37-ე მუხლში შევა, დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის ურთიერთობას დაარეგულირებს. კერძოდ, კანონით აკრძალული იქნება დასაბუთებული მიზეზის გარეშე ადამიანის სამსახურიდან დათხოვნა ან სამსახურში არ აყვანა დისკრიმინაციის საფუძველზე.